ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე გამოქვეყნებულ ანგარიშს ქვეყანაში პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დოკუმენტი მათ შეფასებებს ემთხვევა და ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის მძიმე სურათს წარმოაჩენს. მათი თქმით, ანგარიშში ობიექტურად არის აღწერილი ის ნაბიჯები, რომელსაც ხელისუფლება მოქალაქეების წინააღმდეგ დგამს, ხოლო შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება. განსხვავებული პოზიცია აქვთ ხელისუფლებაში. მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დოკუმენტი სამართლებრივ დასკვნას არ წარმოადგენს და მასში წარმოდგენილი ბრალდებები პოლიტიკურად მიკერძოებული და დაუსაბუთებელია. ამასთან, ეუთოს 24 წევრი ქვეყანა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციები სრულად შეასრულოს.