ისრაელის საჰაერო ძალების განცხადებით, თეირანსა და ბეირუთში სამიზნეების წინააღმდეგ ერთდროული „ფართომასშტაბიანი“ დარტყმები დაიწყეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. თავდაცვის ძალების ცნობით, თეირანში ისინი „ტერორისტული რეჟიმის ინფრასტრუქტურას“ ურტყამენ, ხოლო ბეირუთში - „ჰეზბოლას“ სამიზნეებს. ერთდროული თავდასხმები მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანმა და „ჰეზბოლამ“ ისრაელზე რამდენიმე კოორდინირებული შეტევა განახორციელეს. ჩრდილოეთ ისრაელში „ჰეზბოლას“ იერიშის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ლიბანიდან გაშვებული რაკეტა ქალაქ ნაჰარიაში ჩამოვარდა, სადაც შენობას ცეცხლი გაუჩნდა.
ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო „ჰეზბოლამ“.