შალვა პაპუაშვილი - დღეს კანონებს იღებს ხალხისგან არჩეული ეროვნული საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც აღარ უხდება დემოკრატიული მანდატის გაზიარება არავისგან არჩეულ, უცხოეთიდან გაუმჭვირვალედ დაფინანსებულ ჯგუფებთან - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - დღეს კანონებს იღებს ხალხისგან არჩეული ეროვნული საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც აღარ უხდება დემოკრატიული მანდატის გაზიარება არავისგან არჩეულ, უცხოეთიდან გაუმჭვირვალედ დაფინანსებულ ჯგუფებთან

2026-03-17 12:33:28+04:00

უკვე მეოთხე სესიაა, რაც საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი ქართველი ხალხის სახელით და მის საკეთილდღეოდ მუშაობს. მუშაობს იმ უფლება-მოვალეობების შესასრულებლად, რომელიც ჩვენმა ამომრჩეველმა, საქართველოს მოსახლეობამ, 2024 წლის არჩევნებით დაგვაკისრა. არჩევნებით, რომელიც მოინათლა რეფერენდუმად, რომელსაც მიეცა ყოფნა-არყოფნის განზომილება, რომელზეც საქართველოს მტრულმა ძალებმა დადეს ფსონი, რომ უნდა შეეცვალათ ჩვენი ქვეყნის ისტორია, რეალური დღის წესრიგის ნაცვლად თავს მოეხვიათ ყალბი, ბრჭყვიალა ქაღალდში შეფუთული დღის წესრიგი და მოვეტყუებინეთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ქართველი ხალხი არ შეცდა - ამომრჩევლის 54%-მა, საქართველოს 1 120 000-მა მოქალაქემ მხარი დაუჭირა საქართველოს მშვიდობიან, სტაბილურ, ძლიერ, სუვერენულ და დამოუკიდებელ მომავალს. მომავალს, რომელსაც მკაფიოდ და მტკიცედ განასახიერებს „ქართული ოცნება“.

„ერთი წლის წინ, წინა ანგარიშის წარდგენისას, პარლამენტში არ იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლობა, რადგან მათ მიმართეს საპარლამენტო საბოტაჟის ყოვლად არაკონსტიტუციურ, არადემოკრატიულ და, როგორც დრომ დაადასტურა, არაეფექტურ ფორმას, როდესაც უარი თქვეს ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატებზე.

დღეს პარლამენტში გვყავს ერთით მეტი ოპოზიციური ჯგუფი, ფრაქცია „საქართველოსთვის“ სახით. თუმცა, ასევე ვხედავთ, რომ ფრაქცია „საქართველოსთვის“ გაურკვევლობაშია გაჭედილი, ისევე, როგორც დანარჩენი რადიკალური არასაპარლამენტო ოპოზიცია. მათ ერთდროულად უნდათ იყვნენ საქართველოს არჩეული პარლამენტის წევრები და ამავე დროს უარი თქვან არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობის აღიარებაზე. ჩვენ ვისმენდით, რომ მათი პარლამენტში შემოსვლის მიზანი ხელისუფლებასთან „სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იყო“, მაგრამ, საბოლოოდ, თავად აღმოჩნდნენ თამაშგარე მდგომარეობაში, საკუთარი გაორებული პოლიტიკური მდგომარეობის მძევლებად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს კანონებს იღებს ხალხისგან არჩეული ეროვნული საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც აღარ უხდება დემოკრატიული მანდატის გაზიარება არავისგან არჩეულ, ხშირ შემთხვევაში უცხოეთიდან გაუმჭვირვალედ დაფინანსებულ ჯგუფებთან, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგებოდა დემოკრატიის პრინციპებს.

„დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს პარლამენტის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ ინსტიტუციურ ცვლილებებს, სადაც წარსულში ასევე გვქონდა კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებების გამოშიგვნის და ფრაგმენტაციის თავსმოხვეული ტენდენცია. დღეს ეს პრაქტიკა იცვლება. სხვა ცვლილებებთან ერთად, გაუქმდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური და მისი ფუნქციები საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაეცა, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ინტეგრირდა.

სულ რაღაც რვა თვის წინ ამოქმედდა საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი, რომელმაც უკვე არსობრივად შეცვალა პარლამენტის მუშაობის ეფექტიანობა და შინაარსი. განსაკუთრებით უნდა გამოვყო პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება. მაგალითისთვის, ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, ინტერპელაცია, განსაკუთრებით კი პრემიერ-მინისტრის ინტერპელაცია უკვე არა გამონაკლისი, არამედ ლამის საპარლამენტო ცხოვრების ყოველდღიურობად იქცა.

რეგლამენტის ცვლილებების ფარგლებში, ასევე, უარი ეთქვა არასისტემურ და ხელოვნურ ინსტრუმენტებზე, რომლებითაც მანამდე ხორციელდებოდა პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია. კერძოდ, საბჭოებისა და თემატური მოკვლევების ნაცვლად, რეგულაციების დახვეწის შედეგად, პირველად ამუშავდა დროებითი კომისიის კონსტიტუციური ინსტრუმენტი. ამჟამად პარლამენტში შექმნილია ორი ამგვარი კომისია - ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია და ფასების შემსწავლელი დროებითი კომისია. ორივე ამ კომისიის მუშაობის ინტენსიურობას საზოგადოება თავად ადევნეს თვალს.

თუმცა, საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებასთან ერთად, საქართველოს პარლამენტი, ტრადიციულად, კვლავ იყო პოლიტიკური ცხოვრების ეპიცენტრში. ვიწრო თუ ფართო რეგიონში არსებული ომებისა და კონფლიქტების ფონზე, მისი ეს როლი სულ უფრო მეტ დატვირთვას იძენს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.