შალვა პაპუაშვილი - ჩვენ არ ვდგავართ ცალ ფეხზე, როგორც ეს ზოგიერთს სურდა, სხვის სახლში შეშვების ყელგამოწეული მსურველივით, არამედ ვდგავართ, როგორც საკუთარ სახლში მცხოვრები, ავის და კარგის გამრჩევი - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - ჩვენ არ ვდგავართ ცალ ფეხზე, როგორც ეს ზოგიერთს სურდა, სხვის სახლში შეშვების ყელგამოწეული მსურველივით, არამედ ვდგავართ, როგორც საკუთარ სახლში მცხოვრები, ავის და კარგის გამრჩევი

2026-03-17 13:17:45+04:00

ტერორისტული რევოლუციის სამარცხვინოდ დამარცხებული მცდელობიდან ხუთი თვე გავიდა. მორიგ ჯერზე ჩავარდნილი ამ სამარცხვინო პროცესის პასუხად, ნაცვლად დემოკრატიისა და სამართლიანობის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი განცხადებების მოსმენისა, მომხდარის დაგმობისა, ძალადობისგან ცალსახა გამიჯვნისა და სათანადო მოწოდებისა, ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის მხრიდან სრულ წაყრუებას, გატრუნვას და ზურგის შექცევას. ეს დუმილი შემთხვევითი არ არის. მისი სიღრმისეული მიზეზია დემოკრატიულ ღირებულებებში კრიზისი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, მუდმივი კრიზისი, მუდმივი წნეხი და მუდმივად არეულობის მცდელობა ერთ მიზანს ემსახურება - განუწყვეტელი თავდასხმების ფონზე საქართველომ დაკარგოს პოლიტიკური მანევრის სივრცე.

„ტერორისტული რევოლუციის სამარცხვინოდ დამარცხებული მცდელობიდან ხუთი თვე გავიდა. მორიგ ჯერზე ჩავარდნილი ამ სამარცხვინო პროცესის პასუხად, ნაცვლად დემოკრატიისა და სამართლიანობის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი განცხადებების მოსმენისა, მომხდარის დაგმობისა, ძალადობისგან ცალსახა გამიჯვნისა და სათანადო მოწოდებისა, ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის მხრიდან სრულ წაყრუებას, გატრუნვას და ზურგის შექცევას. ეს დუმილი შემთხვევითი არ არის. მისი სიღრმისეული მიზეზია დემოკრატიულ ღირებულებებში კრიზისი, საერთაშორისო ლიბერალური წესრიგის რღვევა და ევროკავშირის მზარდი უუნარობა, გაუმკლავდეს საკუთარ შიდა გამოწვევებს. თუმცა, ამის პარალელურად, ისინი კვლავ ცდილობენ საქართველოს ხელისუფლების დასუსტებას, ნამდვილი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას და გამოხატვის შესაძლებლობის აღკვეთას. ეს კეთდება ღიად და დაუფარავად. ამის მაგალითებს ვხედავთ ყოველდღე, ხან სახელმწიფო დროშის დღის ცინიზმით „მოლოცვით“ და ხან თავისუფალ მედიაზე უსაფუძვლო, გაუმართლებელი და არაპროვოცირებული თავდასხმით.

მუდმივი კრიზისი, მუდმივი წნეხი და მუდმივად არეულობის მცდელობა ერთ მიზანს ემსახურება: განუწყვეტელი თავდასხმების ფონზე საქართველომ დაკარგოს პოლიტიკური მანევრის სივრცე, ვერ შეძლოს ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის სტრატეგიულ მიზანზე კონცენტრირება და აღმოჩნდეს კაბალურ დამოკიდებულებაში. ცივილიზაციური ტრაგედიაა, რომ სწორედ ამ მიმართულებით იკითხება დღევანდელი ბრიუსელის პოლიტიკაც საქართველოს მიმართ. შეუძლებელია ევროკავშირი გადარჩეს ასეთი პოლიტიკით. ევროკავშირი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ევროპა, რომლის თანაშემოქმედიც ჩვენ ვართ, სრულიად სხვა ფასეულობებსა და ფესვებზე დგას. ჩვენ ეს ვიცით, რადგან ვიცით ისტორია საიდან დაიწყო, რა გაიარა და სად მოვიდა. ამიტომ ჩვენ არ ვდგავართ ცალ ფეხზე, როგორც ეს ზოგიერთს სურდა, სხვის სახლში შეშვების ყელგამოწეული მსურველივით, არამედ ვდგავართ, როგორც საკუთარ სახლში მცხოვრები, ავის და კარგის გამრჩევი, ღირებულებებსა და რწმენაში მტკიცე ერი. ჩვენ ვართ ერი, რომელმაც ქრისტიანული რწმენა საუკუნეების განმავლობაში მარტოებმა, მტრულ გარემოში, ქრისტიანულ სამყაროს მოწყვეტილებმა გამოვატარეთ და დღემდე მოვედით. ვერავითარი არჩევანი საკუთარი იდენტობის, მრწამსის და თვითმყოფადობის დათმობის ხარჯზე ჩვენ ვერ გვექნება. ეს არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი მიწა, ჩვენი წინაპრების ნაფეხურები და ჩვენი შვილების მომავალი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.