მიხეილ სარჯველაძე - არსებული მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, პატრიარქის უცხოეთში გადაყვანის საკითხი არ განიხილება - რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანას, რა წამსაც დადგება ასეთი საჭიროება, უზრუნველყოფილი იქნება - Palitra News

მიხეილ სარჯველაძე - არსებული მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, პატრიარქის უცხოეთში გადაყვანის საკითხი არ განიხილება - რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანას, რა წამსაც დადგება ასეთი საჭიროება, უზრუნველყოფილი იქნება

2026-03-17 13:44:11+04:00

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი არ განიხილება, ხოლო, რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანის საკითხს, მინისტრის თქმით, რა წამსაც დადგება ასეთი საჭიროება, უზრუნველყოფილი იქნება.

მინისტრის თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად, სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები და ცნობილი რეანიმატოლოგები არიან შეკრებილები.

„მდგომარეობა არის პრაქტიკულად არსებითი ცვლილებების გარეშე. ვცდილობთ, გარდა სტანდარტული კლასიკური მეთოდოლოგიისა, მაქსიმალურად თავი მოვუყაროთ ყველა მოსაზრებას, კომპეტენტურ აზრს, რომელიც შეიძლება საკითხის ირგვლივ აღმოჩნდეს შედეგზე ორიენტირებული. იქნებ არსებობდეს, რაიმე შემოთავაზება, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს გარკვეული პროცედურები. გნებავთ, კონსილიუმი დაარქვით, ან რაც გნებავთ. აქ არიან წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები, ცნობილი რეანიმატოლოგები. მათთან კონსულტაციების გავლა ერთ-ერთი რეკომენდაციაა.

არსებული მდგომარეობის მხედველობაში მიღებით, უცხოეთში წაყვანასთან დაკავშირებული საკითხი არ განიხილება. რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანის საკითხს, რა წამსაც დადგება ასეთი საჭიროება, უზრუნველყოფილი იქნება. უკლებლივ ყველაფერი გაკეთება, რათა დაუყოვნებლივ იყოს ასეთი საჭიროება უზრუნველყოფილი.

საზოგადოებას მინდა ვუთხრა, ყველაფერი, რაც აუცილებელია პაციენტის საუკეთესო მკურნალობისთვის, უკლებლივ ყველაფერი უზრუნველყოფილია. ვმსჯელობთ, რით შეიძლება იყოს ჩართული უფრო მეტი რესურსი, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

ადამიანი იმყოფება რეანიმაციაში. ეს ნიშნავს, რომ დღეს არავინ არ შეიძლება იყოს კმაყოფილი მისი მდგომარეობით“,- აღნიშნავს სარჯველაძე.

ცნობისთვის, პატრიარქი კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს. ის კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.