2030 წლისთვის საკვები პროდუქტების მოხმარება 30 მლრდ ლარს მიაღწევს - Palitra News

2030 წლისთვის საკვები პროდუქტების მოხმარება 30 მლრდ ლარს მიაღწევს

2026-03-17 14:07:50+04:00

2030 წლისთვის საკვები პროდუქტების მოხმარება 30 მლრდ ლარს მიაღწევს. განსაკუთრებით მაღალი ზრდაა მოსალოდნელი ყველის, ფრინველის, ღორის ხორცისა და თევზის მოხმარებაში. „გალთ ენდ თაგარტის“ სოფლის მეურნეობის კვლევა ცხადყოფს, რომ

ქვეყანაში საკვები პროდუქტების ბაზარი სწრაფად იზრდება, 2025 წელს ადგილობრივმა მოხმარებამ 21.5 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 27% იმპორტით, ხოლო დანარჩენი 73% კი ადგილობრივი წარმოებით დაკმაყოფილდა. კვლევის თანახმად, 2025 წელს საკვები და სასმელი პროდუქტების ექსპორტმა 4.5 მლრდ ლარი შეადგინა. „ძირითადი აგროპროდუქტების – ხორცის, რძის პროდუქტების, მარცვლეულის, ბოსტნეულის, ხილისა და ალკოჰოლური სასმელების – ერთობლივი მოხმარება 2025 წელს 6.4 მლრდ ლარს შეადგენდა, ექსპორტი 3 მლრდ ლარს, ხოლო იმპორტი 2.8 მლრდ ლარს. საქართველო იმპორტზეა დამოკიდებული ხორცის, რძის პროდუქტებისა, მარცვლეულის და ბოსტნეულის მიმართულებით, ხოლო ხილი, თხილი და ყურძნისგან წარმოებული ალკოჰოლური სასმელები ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია,“ - ნათქვამია კვლევაში. კვლევის ავტორების შეფასებით, მიმდინარე ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, საკვები პროდუქტების მოხმარება 2030 წლისთვის დაახლოებით 30 მლრდ ლარს მიაღწევს. „მოთხოვნის სტრუქტურა ეტაპობრივად იცვლება. ეკონომიკური ზრდის პარალელურად იზრდება მოთხოვნა უფრო მაღალი ღირებულების პროდუქტებზე, მათ შორის ხორცზე, რძის პროდუქტებსა და დამუშავებულ საკვებზე. თუმცა ადგილობრივი წარმოება სრულად ვერ ეწევა მოთხოვნის ზრდას, რის გამოც იმპორტდამოკიდებულება ძლიერდება. მომდევნო წლებში განსაკუთრებით მაღალი ზრდაა მოსალოდნელი ყველის, ფრინველის ხორცის, ღორის ხორცისა და თევზის მოხმარებაში“.- ნათქვამია კვლევაში. მათივე მოლოდინით, 2030 წლისთვის ამ პროდუქტების ბაზარი დაახლოებით 3 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც დაახლოებით 1 მლრდ ლარამდე დამატებითი ადგილობრივი წარმოების პოტენციალს ქმნის.