2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსია, ასევე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია და შემწეობა ლეგალიზებულად ჩაითვლება და უკან დაბრუნებას აღარ დაექვემდებარება - Palitra News

2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსია, ასევე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია და შემწეობა ლეგალიზებულად ჩაითვლება და უკან დაბრუნებას აღარ დაექვემდებარება

2026-03-17 14:08:39+04:00

2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსია, ასევე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია და შემწეობა ლეგალიზებულად ჩაითვლება და უკან დაბრუნებას აღარ დაექვემდებარება. ამასთან ერთად, შეწყდება უკან დაბრუნების საქმეზე დაწყებული ადმინისტრაციული და სააღსრულებო წარმოება. მთავრობის მიერ მომზადებული შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა. კანონის თანახმად, პენსიის, ისევე როგორც კომპენსაციისა და შემწეობის შეწყვეტის საფუძველია პირის მიერ საჯარო სამსახურში საქმიანობის დაწყება, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, გარდაცვალება და რიგი სხვა მიზეზები. როგორც საკანონმდებლო ცვლილებაშია განმარტებული, ხშირია შემთხვევა, როდესაც დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე, ინფორმაციის გვიან მოწოდება ხდება და ამის გამო თანხები ზედმეტად გაიცემა.

დაგეგმილი ცვლილებებით კი ზედმეტად გაცემული თანხების ლეგალიზაცია შეეხება: პენსიის მიმღებ 1600-ზე მეტ პენსიონერს, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ 250-ზე მეტ პირს, სოციალური პაკეტის მიმღებ 304 პირს და საარსებო შემწეობის მიმღებ 1400-ზე მეტ ოჯახს. საერთო ჯამში საუბარია 4,5 მილიონ ლარზე.