ახლო აღმოსავლეთის კრიზისის დაწყებიდან დღემდე, ნავთობკომპანიებმა უკვე 15 მლრდ დოლარზე მეტი დაკარგეს. საკონსულტაციო კომპანია „ვუუდ მაკენზის“ შეფასებით, ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივმა დახურვამ ყველაზე მეტად საუდის არაბეთი დააზარალა, რომელმაც ნავთობის ექსპორტიდან უკვე 4.5 მლრდ დოლარი იზარალა. 2-დან 11 მარტამდე ნავთობის მოპოვების შეჩერების გამო კატარის ნავთობისა და გაზის კომპანია „კატარ ენერჯიმ“, დაახლოებით, 571 მლნ დოლარის შემოსავალი დაკარგა. თუმცა კატარსა და ქუვეითს, უარყოფითი შედეგის მიუხედავად, მოკლევადიან პერსპექტივაში მათი კუთვნილი სუვერენული ფონდების გამოყენება შეუძლიათ. ამასთან, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ნავთობპროდუქტების წარმოებისა და მიწოდების შეფერხების გამო ყველაზე მნიშვნელოვანი ზიანი შესაძლოა, ერაყს მიადგეს, რომლის ბიუჯეტშიც შემოსავლების 90% ნავთობმოპოვებიდან შედის. ანალიტიკური კომპანია „ქეი ფლერის“ მონაცემებით, ჰორმუზის სრუტეში გაჩერებულ გემებზე ნავთობპროდუქტებისა და თხევადი ბუნებრივი აირის საერთო ღირებულება, მინიმუმ, 10.7 მლრდ დოლარს შეადგენს. საშუალოდ, ყოველდღიურად სრუტით 1.2 მლრდ დოლარის ღირებულების ენერგორესურსების გადაზიდვა ხდებოდა. საუდის არაბეთის ნავთობის მონოპოლისტ Saudi Aramco-ს გადაზიდვები სპარსეთის ყურიდან წითელ ზღვაში, იანბუს პორტში გადააქვს. კომპანია ქვეყნის მასშტაბით მართავს მილსადენს, რომლითაც ნედლი ნავთობი აღმოსავლეთით მდებარე საბადოებიდან დასავლეთით, წითელი ზღვისკენ გადაიქაჩება და რომლის სიმძლავრეც დღეში 5 მლნ ბარელია. ამ მიზნით გემებმა ირანის მიერ დაბლოკილი ჰორმუზის სრუტიდან წითელ ზღვისკენ მასობრივად დაიწყეს მოძრაობა, რათა საუდის არაბეთის ნავთობით დატვირთულიყვნენ. თუმცა, სამხრეთიდან წითელ ზღვაში მისასვლელად ტანკერებმა ბაბ ელ-მანდების სრუტე უნდა გაიარონ, რომლის გადაკეტვითაც უკვე ირანის მოკავშირე იემენელი ჰუსიტები იმუქებიან. მასზე ნავთობის მთლიანი საზღვაო გადაზიდვების, დაახლოებით, 12%, ხოლო მსოფლიოში თხევადი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების 8% მოდის. ბაბ ელ-მანდების სრუტის ბლოკირება დამატებით სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ენერგეტიკულ ბაზრებსა და ლოგისტიკას, განსაკუთრებით, იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც სუეცის არხით მომარაგებაზე არიან დამოკიდებული. 14 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, იაპონიასა და სამხრეთ კორეას მოუწოდა, ჰორმუზის სრუტის დაცვაში ჩაერთონ, რაც ამ ქვეყნების მხრიდან სამხედრო გემების გაგზავნასა და ერთობლივ პატრულირებას გულისხმობს. ტრამპმა, ასევე, განაცხადა, რომ NATO-ს „ძალიან ცუდი“ მომავალი ელის, თუ ალიანსის ქვეყნები აშშ-ს ჰორმუზის სრუტის გახსნაში არ დაეხმარებიან. ტრამპის მოწოდებაზე შეიქმნას საერთაშორისო კოალიცია ჰოჰრმუზის სრუტის გასათავისუფლებლად, პარტინიორი ქვეყნების პასუხი ამ დრომდე სტრატეგიული თავშეკავებაა. ირანი კი იმუქრება, რომ ჰორმუზის სრუტე ისეთი ვეღარასოდეს იქნება და ახლა ის სტრატეგიული ბლოკადის მთავარი პუნქტია