ირაკლი კობახიძემ კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რეჯეფ თაიფ ერდოღანის სამძიმრის წერილი მიიღო - Palitra News

ირაკლი კობახიძემ კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რეჯეფ თაიფ ერდოღანის სამძიმრის წერილი მიიღო

2026-03-19 09:47:53+04:00

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სამძიმრის წერილს უგზავნის.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თურქეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.

„პატივცემულო პრემიერო, დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ 17 მარტის ღამეს გარდაიცვალა მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. თურქი ხალხისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, თქვენს აღმატებულებას, მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს”, - აღნიშნავს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.