საგარეო უწყება - აშშ-ის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემაზე საგარანტიო თანხის დაწესების თაობაზე, უკავშირდება მოქალაქეების მხრიდან სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს - Palitra News

საგარეო უწყება - აშშ-ის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემაზე საგარანტიო თანხის დაწესების თაობაზე, უკავშირდება მოქალაქეების მხრიდან სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს

2026-03-19 13:58:59+04:00

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, აშშ-ის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემასთან დაკავშირებით საგარანტიო თანხის დაწესების თაობაზე, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყებაში საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ის სავიზო რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

„აშშ-ის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემასთან დაკავშირებით საგარანტიო თანხის დაწესების თაობაზე, სამწუხაროდ უკავშირდება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან აშშ-ის სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს, რის თაობაზეც აშშ-ის მხარის მიერ იქნა განმარტებული.

ცნობილია პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა, რაც აისახება კონკრეტულ ნაბიჯებში და ეს გადაწყვეტილებაც არის გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის ნაწილი. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან აშშ-ის სავიზო რეგულაციები და არ დაარღვიონ მოქმედი სავიზო რეჟიმი, რაც მისცემს საქართველოს შესაძლებლობას გააგრძელოს მუშაობა ამერიკულ მხარესთან აღნიშნულ საკითხზე“, - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, საქართველო იმ ქვეყნების სიას დაემატა, რომლის მოქალაქეებსაც გარკვეული ტიპის ამერიკული ვიზებისთვის 15 000 დოლარამდე სავიზო გირაოს გადახდა მოუწევთ. კერძოდ, 18 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო და კიდევ 11 ქვეყანა (კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოთო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელები, ტუნისი) დაამატა იმ ქვეყანათა სიას, რომლის მოქალაქეებსაც სავიზო გირაოს გადახდა მოუწევთ გარკვეული მოკლე ვადიანი ვიზებისთვის. საუბარია B1 (ბიზნესი) და B2 (ტურიზმი/სამედიცინო მკურნალობა) ტიპის ვიზებზე. სავიზო გირაოს რაოდენობა შესაძლოა იყოს $5 000, $10 000 ან $15 000, რაც დადგენილი იქნება საკონსულო გასაუბრების დროს.