ნაჩო სანჩეს ამორი - ივანიშვილმა გადაწყვიტა: არ მსურს დასავლეთის ნაწილი ვიყო, მირჩევნია, ჩემი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე რუსეთთან დავრჩე - ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით არაფერს აკეთებს - უნდა ვიმოქმედოთ - Palitra News

ნაჩო სანჩეს ამორი - ივანიშვილმა გადაწყვიტა: არ მსურს დასავლეთის ნაწილი ვიყო, მირჩევნია, ჩემი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე რუსეთთან დავრჩე - ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით არაფერს აკეთებს - უნდა ვიმოქმედოთ

2026-03-19 17:29:59+04:00

ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით არაფერს აკეთებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩეს ამორმა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტში საქართველოში ადამიანის უფლებების საკითხზე გამართული დისკუსიის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ივანიშვილმა გადაწყვიტა: არ მსურს დასავლეთის ნაწილი ვიყო და მირჩევნია, რომ ჩემი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე რუსეთთან დავრჩე. ერთი მთავარი ელემენტი, რომელსაც ყოველთვის ვიმეორებ არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული გზის მიტოვების დღის წესრიგი ფრთხილად დამალა. ეს მთავარი საკითხია, რადგან „ქართულ ოცნებას“ საჯაროდ რომ ეთქვა - ჩვენ ევროპული გზის მიტოვება გვსურს - მაშინ გაყალბებული არჩევნების შემთხვევაშიც კი, შედეგები სრულიად განსხვავებული იქნებოდა“, - განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.

მისი თქმით, „ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით არაფერს აკეთებს“

„ეს საკითხი დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით, ხუმრობას წარმოადგენს. მეორე პასპორტი ყველას აქვს. არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ის ზომები, რომლებმაც შეიძლება ამ ხალხს ხელი შეუშალოს, რომ პარიზში მოდის კვირეულზე ჩავიდნენ ან შვილები ძვირადღირებულ უნივერსიტეტებში მოინახულონ. საქართველოში ერთი წლის წინ ვიყავი და მაშინ ხალხს ვუთხარით, რომ ევროკავშირი მზად იყო ვიზებთან დაკავშირებით რეალური სანქციები დაეწესებინა. შემდეგ, როგორც ჩანს, ლეგალური პრობლემა აღმოჩნდა და ეს არ მოხდა. კითხვა მაქვს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიმართ: რატომ არ შევთავაზეთ საბჭოს სანქციები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით? ნუ მეტყვით, რომ ერთსულოვნება არ არის. ვიცი, რომ ერთსულოვნება არ გაქვთ და უნგრეთის ხმა არ გაქვთ. მაგრამ, ეს პოლიტიკური გზავნილი იქნება იმისა, რომ საქართველო სრულიად იზოლირებულია და მას მხოლოდ უნგრეთი მფარველობს. ეს უნდა გააკეთოთ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.