ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვა ოპოზიციაში მორიგ მკაფიო პოლიტიკურ სიგნალად აღიქვეს. მათი შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორები მიუთითებენ, რომ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი უარესდება და ხელისუფლების პოლიტიკა ევროპულ გზას აშორებს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკის გაგრძელება ქვეყანაში პოლიტიკურ დევნასა და ადამიანის უფლებების დარღვევებს ადასტურებს. ჟურნალისტი გურამ როგავა, რომელმაც გუშინ ევროპარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტზე სიტყვით გამოვიდა გაიხსენა როგორ სცემეს პროევროპული აქციის გაშუქების დროს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ ერთი შემთხვევა არ არის და ჟურნალისტებზე ძალადობა სისტემურ პრობლემად იქცა. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეასრულოს საერთაშორისო რეკომენდაციები, გაათავისუფლოს დაკავებული პირები და შეწყვიტოს ზეწოლა ოპონენტებსა და მედიაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, საქართველო კიდევ უფრო დაშორდება ევროპულ პერსპექტივას.