სამების საკათედრო ტაძარში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი მiმდინარეობს, ვატიკანის დელეგაცია იმყოფებოდა.
დელეგაციის წევრებმა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს და კათოლიკური ეკლესიის სახელით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სამძიმარი გამოუცხადეს. მათ შორის, სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა სამოციქულო ნუნციუსი და დიპლომატიური კორპუსის დეკანი საქართველოში მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი; ასევე, კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო.
„კათოლიკური ეკლესიის სახელით მინდა გამოვხატო სამძიმარი მართლმადიდებელი ეკლესიის, ყველა ქართველის მიმართ. დღეს ვიყავით სხვადასხვა კონფესიებთან ერთად აქ, ეს კარგი ნიშანი იყო, რადგან ასე ჩვენ გამოვხატეთ, რომ პატრიარქი ყველა კონფესიის მიმართ ყურადღებიანი იყო. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ მისთვის ვილოცოთ",- განაცხადა ჯუზეპე პაზოტომ.
ამ წუთებში, სამების საკათედრო ტაძარში, სადაც პატრიარქის პანაშვიდი მიმდინარეობს, სხვადასხვა რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები იკრიბებიან.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია II 17 მარტს გარდაიცვალა. ის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში 18 მარტს დაასვენეს. მას შემდეგ პანაშვიდზე არ წყდება მოქალაქეთა ნაკადი.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.