სიონის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საფლავზე, მრევლი პატივის მისაგებად დილიდან მიდის.
სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურის, თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანის, გიორგი ვაშალომიძის ინფორმაციით, ტაძარი დილიდან, საღამოს 20:00 საათამდე იქნება ღია.
სწორედ ამ პერიოდშია შესაძლებელი მოქალაქეებმა მოილოცონ კათოლიკოს-პატრიარქის განსასვენებელი.
„უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმე დღეები გადავიტანეთ, გადაგვაქვს და არაერთხელ გვითქვამს, რომ მთელი ერი არის ჭირისუფალი დღეს. ღმერთმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს ჩვენს უწმინდესს პატრიარქს. როგორც მოგეხსენებათ, უწმინდესის სურვილის თანახმად, ის დაკრძალეს სიონის საპატრიარქო ტაძარში.
დღეს მორწმუნე საზოგადოებას ექნება საშუალება, რომ სურვილის შემთხვევაში, მობრძანდეს და პატივი მიაგოს მის საფლავს. თუმცა იქნება გარკვეული შეზღუდვები. ტაძარი, დაახლოებით, 20:00 საათამდე ღია იქნება და მორწმუნე საზოგადოებას საშუალება ექნება, რომ პატივი მიაგოს მისი უწმინდესობის საფლავს.
მოქალაქეები გუშინაც იყვნენ, მას შემდეგ, რაც დაიკრძალა. ყველასი არა, მაგრამ გარკვეული ნაკადის შესვლა შესაძლებელი გახდა. უშუალოდ საფლავთან მიახლება ვერ მოხდება, იმის გამო, რომ საფლავი ჯერ მოსაწესრიგებელია, თუმცა მორწმუნე საზოგადოებას ექნება იმის შესაძლებლობა, რომ მიუახლოვდეს საფლავს და პატივისცემა გამოხატოს უწმინდესის საფლავის მიმართ.
სიონის საკათედრო ტაძრის მიმართ მის უწმინდესობას ჰქონდა განსაკუთრებული დამოკიდებულება იქიდან გამომდინარე, რომ მისი მოღვაწეობის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ მას უკავშირდება“,- განაცხადა მღვდელმა გიორგი ვაშალომიძემ.
მისივე თქმით, პატრიარქი საკურთხეველთან ახლოს დაიკრძალა, რომელიც „ტაძრის ყველაზე წმინდა ადგილია, შესაბამისად, მისი სურვილი თავისთავად ცხადია, აღსრულებულია“.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას პატივი ათასობით მოქალაქემ მიაგო.
ილია II, 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.