მიმდინარე წლის 22 მარტს, დაახლოებით 14:30 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ტერორისტული აქტების შესახებ ორი ანონიმური ზარი განხორციელდა. ზარების ავტორი ამბობდა, რომ იმყოფებოდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული და დანაღმული ჰქონდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია. თუკი უახლოეს 20 წუთში არ მოხდებოდა ევაკუაცია, განხორციელდებოდა აფეთქება. ზარების ინიციატორმა კვალის დაფარვისა და მისი იდენტიფიცირების გართულების მიზნით, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით შეცვალა თავისი ხმა, გამოიყენა უცხო ქვეყნის ვირტუალური სატელეფონო ნომერი და დაფარა აიპ მისამართი. კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გუშინ საღამოსვე დანაშაულში მხილებული არასრულწლოვანი პირის იდენტიფიცირება მოხერხდა. ამოღებულია რამდენიმე ერთეული მობილური ტელეფონი, ლეპტოპები და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებები. არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დანაშაული სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.