რასა იუკნევიჩიენე ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილ განაჩენზე - ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების ადგილი არ არის - Palitra News

რასა იუკნევიჩიენე ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილ განაჩენზე - ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების ადგილი არ არის

2026-03-24 15:38:45+04:00

ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების ადგილი არ არის, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სასამართლოს მიერ საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილ განაჩენს.

„ახლახან ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ევროპარლამენტი ქართველ ხალხსა და პოლიტიკურ პატიმრებს სრულ სოლიდარობას უცხადებს, რაც მარტში მიღებულ რეზოლუციაში კიდევ ერთხელ დაადასტურა“, - წერს ევროპარლამენტარი X-ზე.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა 12 მარტს რეზოლუცია „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ მიიღო.

„ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, რომლებიც სამიზნეები გახდნენ სიტყვისა და შეკრების თავისუფლების ან მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის გამო. ასევე, გმობს „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების სისტემატურ სისხლის სამართლებრივ დევნას“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

ცნობისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო.

არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.