გიორგი ვაშაძე ე.წ. საბოტაჟის საქმე - ჩემს საქმეში არის ცარიელი ფურცელი, რომელზეც მითითებულია სახელი, გვარი და მუხლი, მეტი არაფერი - საქმე გვაქვს დიდ აბსურდთან, მტკიცებულებები არ არის - Palitra News

გიორგი ვაშაძე ე.წ. საბოტაჟის საქმე - ჩემს საქმეში არის ცარიელი ფურცელი, რომელზეც მითითებულია სახელი, გვარი და მუხლი, მეტი არაფერი - საქმე გვაქვს დიდ აბსურდთან, მტკიცებულებები არ არის

2026-03-25 16:16:33+04:00

ჩემს საქმეში არის ცარიელი ფურცელი, რომელზეც მითითებულია სახელი, გვარი და მუხლი, მეტი არაფერი - საქმე გვაქვს დიდ აბსურდთან, მტკიცებულებები არ არის, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო სხდომები სავარაუდოდ, დახურულ რეჟიმში ჩატარდება, რადგან „თუ გახსნიან, საზოგადოება ნახავს, რომ საქმე გვაქვს დიდ აბსურდთან და არა სამართლებრივ პროცესთან“.

„მოსამართლემ სხდომის გახსნაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ეს აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, რადგან ამ საქმეს შინაარსი არ აქვს. უბრალოდ, სურთ, რომ ადამიანები, ვინც საქართველოს განვითარებისთვის, ძლიერი ქვეყნისთვის, ერის კონსოლიდაციისთვის, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ამ ქვეყანაში კარგი ცხოვრებისთვის ვიბრძვით, გვაწვალონ და სასამართლო სხდომებზე გვატარონ. ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ ელენე ხოშტარიას, 4 შვილის დედას 1 წელი და 6 თვე მიუსაჯეს არაფრის გამო, ამიტომ არაფერი გვიკვირს, რაც ხდება ამ ქვეყანაში.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, რომ ამ ქვეყანაში არსებობს რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელსაც არ სურს, რომ ჩვენ ნორმალურად გავაგრძელოთ განვითარების გზა, არ სურს, რომ საქართველოში საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს პერსპექტივა, ამიტომ ჩვენი მთავარი გზავნილი არის კონსოლიდაცია, ერთად დგომა, იმისთვის რომ საქართველო დავაბრუნოთ განვითარების გზაზე, ვიყოთ რეგიონის ლიდერები, ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნით და რაც მთავარია, ეს უმძიმესი კრიზისი, რომელიც ქვეყანაში არის, გადავლახოთ ერთხელ და სამუდამოდ,“ - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესბრალდება წარუდგინა.

უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძესბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესკი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.