ხმა უნდა მივცე მოსაყდრე მეუფე შიოს - ვიცი, როგორი ურთიერთობა ჰქონდა პატრიარქთან და ვიცი, როგორ წყვეტდა უწმინდესი საკითხებს მეუფე შიოს მეშვეობით, მეუფე შიოს თვითნებურად არაფერი გაუკეთებია და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, ასევე ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტეფანემ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანათის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ის „უწმინდესს ენდობა და მის გამორჩეულ ადამიანს“.
„მე თავიდანვე ვამბობ, რომ მე უწმინდესის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს ვუჭერ მხარს. მე ვფიქრობ ასე: ხმა უნდა მივცე მოსაყდრე მეუფე შიოს და ეს არის ჩემი პოზიცია, არ მჭირდება არავისთან ინტერვიუები, ეს უკვე ნათქვამი მაქვს და არავისთან გავცემ ამაზე ინტერვიუს...
მე უწმინდესს ვენდობი, მის გამორჩეულ ადამიანს ვენდობი. 9 წელია მეუფე შიო ემსახურება ჩვენს ეკლესიას უწმინდესის ხელმძღვანელობით. მე ვიცი, როგორი ურთიერთობა ჰქონდა მასთან და ვიცი, როგორ წყვეტდა უწმინდესი საკითხებს მეუფე შიოს მეშვეობით. მეუფე შიოს თვითნებურად არაფერი გაუკეთებია და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის პრობლემა იქნებოდა, უწმინდესის სიტყვის საწინააღმდეგოდ რაიმე რომ გაეკეთებინა, მხოლოდ ამ შემთხვევაში. მე ვხედავ მის ერთგულებას, მე ვხედავ მის უწმინდესისადმი ყველანაირ გამოხატულ სიყვარულს და რა თქმა უნდა, მე სხვა ვარიანტს არ ვუშვებ ჩემს გადაწყვეტილებაში. სხვა რას გააკეთებს, ვერ ვაგებ პასუხს“, - აღნიშნავს მიტროპოლიტი სტეფანე.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. 18 მარტიდან სამების ტაძარში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. უწმინდესის ხსოვნას ათასობით მოქალაქემ პატივი მიაგო. ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.