არაფერი გააკეთა არც პროკურატურამ და არც გამოძიებამ, რომ ამოიცნოს ის ხალხი, ვინც [პრეზიდენტის სასახლის] ღობე პირველმა გადაანგრია. ყველა ვიდეომასალიდან მოჭრილია კადრი, სადაც ღობის გადამნგრევის ამოცნობა შესაძლებელია, - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე 4 ოქტომბრის მოვლენების დროს დაკავებულმა ლაშა ბერიძემ განაცხადა.
როგორც ლაშა ბერიძემ აღნიშნა, მათ 4 ოქტომბრის აქციის დღეს ღობე არ გადაუნგრევიათ და რეალურად, „აქციის მონაწილეებს მოუწყვეს საბოტაჟი“.
„არაფერი გააკეთა არც პროკურატურამ და არც გამოძიებამ, რომ ამოიცნოს ის ხალხი, ვინც ღობე პირველმა გადაანგრია. ყველა ვიდეომასალიდან მოჭრილია კადრი სადაც ღობის გადამნგრევის ამოცნობა შესაძლებელია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვინმეს დაჭერა გვინდა, არა, უბრალოდ, ეს არის შეთანხმებული, ეს არის პროვოკაცია.
ეს მარტო ღობის გადანგრევა არაა, ეს არის აწყობილი ჯაჭვი - ღობის გადამნგრევებს ჰქონდათ გარანტია, რომ მათ ხელს არავინ დაადებდა. აქ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან, რათა მშვიდობიან მომიტინგეებისთვის საბოტაჟი მოეწყოთ“, - განაცხადა ლაშა ბერიძემ.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.