თეთრი სახლი და პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში უახლოეს დღეებში დამატებით მინიმუმ 10 000 საბრძოლო ჯარისკაცის გაგზავნის საკითხს განიხილავენ, - ინფორმაციას Axios-ი აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ თუ ტრამპის ადმინისტრაცია დამატებითი ჯარისკაცების გაგზავნას გადაწყვეტს, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონში აშშ-ის საბრძოლო ჯარისკაცების რაოდენობას და „ეს კიდევ ერთი სიგნალია იმისა, რომ ირანში აშშ-ის სახმელეთო ოპერაცია სერიოზულად მზადდება“.
აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნის ვარაუდით, გადაწყვეტილებას მომავალ კვირას მიიღებენ. მისი თქმით, ჯარისკაცები არა რეგიონში უკვე გაგზავნილი ქვედანაყოფებისგან, არამედ სხვა საბრძოლო ქვედანაყოფებიდან იქნებიან.
ცნობისთვის, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთში დამატებით 10 000 სახმელეთო ჯარისკაცის გაგზავნის საკითხს განიხილავს თავდაპირველად გამოცემა Wall Street Journal-მა გაავრცელა.