თურქი მსახიობი ჰანდე ერჩელი სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ გაათავისუფლეს - Palitra News

თურქი მსახიობი ჰანდე ერჩელი სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ გაათავისუფლეს

2026-03-27 14:23:00+04:00

ცნობილ თურქ მსახიობს ჰანდე ერჩელს სასამართლო მედიცინის ინსტიტუტში ექსპერტიზა ჩაუტარდა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მსახიობი სტამბოლის სასამართლოში პროკურორისთვის ჩვენების მისაცემად მივიდა. ჩვენების მიცემის შემდეგ ის გაათავისუფლეს და შემდეგ სასამართლო მედიცინის ინსტიტუტში სისხლისა და თმის ნიმუშები ჩააბარა.

ცნობისთვის, სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ ნარკოტიკებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 16 პირის დაკავების ორდერი გასცა. აქედან 14 ორი დღის წინ დააკავეს, მათ შორის ბიზნესის, სპორტისა და შოუ-ბიზნესის სფეროს ცნობილი ფიგურები. დაკავებულებს შორის არიან ბიზნესმენები, საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ ყოფილი პრეზიდენტი ფიკრეტ ორმანი, საფეხბურთო კლუბ „გალათასარაის“ ყოფილი პრეზიდენტი ბურაკ ელმასი, ჰაკან და ქერიმ საბანჯები, ასევე მოდელები დიდემ სოიდანი და გუზიდე დურანი. სტამბოლის პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული პირები ეჭვმიტანილები არიან ნარკოტიკების პირადად მოხმარებაში ან ნარკოტიკების მოხმარების ხელშეწყობაში.