პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხიდან 5 მლნ ლარამდე მითვისების საქმეზე 9 პირს, მათ შორის, „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელ პირებს ბრალდება წარუდგინა - Palitra News

პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხიდან 5 მლნ ლარამდე მითვისების საქმეზე 9 პირს, მათ შორის, „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელ პირებს ბრალდება წარუდგინა

2026-03-27 15:18:25+04:00

პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა - მათგან 4 უკვე დაკავებულია. საქმე ეხება სახელმწიფო თანხების მითვისებასა და ფულის გათეთრებას.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-დან 2025 წლის ჩათვლით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ბაღების მშენებლობისთვის გამოყოფილი 18 მილიონ ლარზე მეტი თანხიდან დაახლოებით 4,7 მილიონი ლარი ორგანიზებულმა ჯგუფმა მიითვისა. თანხები წინასწარ დაგეგმილი სქემით ირიცხებოდა როგორც პირად ანგარიშებზე, ისე მათთან დაკავშირებულ კომპანიებზე, რის შედეგადაც შეიძინეს უძრავი ქონება და სხვადასხვა აქტივი.

გამოძიება ასევე მიუთითებს, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი პირები გულგრილად მოქმედებდნენ და კომპანიას ავანსის სახით თანხებს არაერთხელ ურიცხავდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულებები არ სრულდებოდა. შედეგად, 16 ბაღიდან არცერთია დასრულებული, ხოლო 4-ზე სამუშაოები საერთოდ არ დაწყებულა.

საქმეში ფიგურირებენ როგორც კომპანიის წარმომადგენლები, ისე ზედამხედველი ექსპერტები, რომელთაც არასწორი დოკუმენტაცია დაადასტურეს. უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიება კვლავ გრძელდება.