29 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსახსენიებელი პანაშვიდის შემდეგ, სასულიერო პირებმა მომავალი პატრიარქის არჩევნების საკითხზე იქადაგეს. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა აღნიშნა, რომ პატრიარქს სინოდი არაუგვიანეს ორი თვის განმავლობაში აირჩევს. სასულიერო პირების თქმით, სინოდის გადაწყვეტილებაში არავის „ჩარევენ“.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად მოქალაქეები სიონის საპატრიარქო ტაძარში ყოველდღიურად მიდიან. ტაძარში 23 მარტიდან 40 დღის განმავლობაში პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდები ჩატარდება. ამ პერიოდში ტაძრის კარი მრევლისთვის 08:00 საათიდან 22:00 საათამდე ღიაა. სიონში მისული მოქალაქეები პატრიარქის ღვაწლზე კიდევ ერთხელ საუბრობენ და მასთან დაკავშირებულ ისტორიებს იხსენებენ.