გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის ქვედა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი ღრმად შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიის გაუარესების გამო. ანგარიშში, სახელწოდებით „დეზინფორმაციის დიპლომატია: როგორ ცდილობენ მავნე აქტორები დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას“, ნათქვამია, რომ საქართველოს ამჟამინდელი ტრაექტორია, გამოიწვევს რუსეთის გავლენის სფეროს ქვეშ მყარად დამკვიდრებულ ავტოკრატიას, ბელარუსის მსგავსად. დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ანგარიშში დაგმობილია „ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებები ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების, ოპოზიციის ხმის ჩახშობის, ლეგიტიმური პროტესტის შეზღუდვისა და დეზინფორმაციის გავრცელების მიმართულებით. კომიტეტი მოწოდებს ბრიტანეთის მთავრობას, დააწესოს ახალი მიზნობრივი ფინანსური და სამოგზაურო სანქციები „ქართული ოცნების“ იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონს“, ასევე ქართველი კლეპტოკრატებისა და იმ ქართული მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ. მაშო დიასამიძე მოგვიყვება რა შეფასებები მოჰყვა ანგარიშს საქართველოში.