უკრაინა მზადაა აღდგომის დღესასწაულის დროს ცეცხლის შეწყვეტისთვის და ენერგეტიკული ზავისთვის, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ აღდგომის დღესასწაულის დროს ცეცხლის შეწყვეტისთვის. ჩემი აზრით, გულწრფელად რომ ვთქვა, ნორმალური ადამიანები, რომლებიც პატივს სცემენ სიცოცხლეს, საუბრობენ ცეცხლის შეწყვეტასა და ომის დასრულებაზე სამუდამოდ და არა მხოლოდ რამდენიმე დღით. მაგრამ, რა თქმა უნდა, მზად ვართ ნებისმიერი კომპრომისისთვის, გარდა კომპრომისისა, რომელიც ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტს ეხება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ ფორმატს და ზოგადად, ომის დასრულებას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს ღირსებას და დამოუკიდებლობას არ დაკარგავს.
„მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტა. სრული ცეცხლის შეწყვეტა, ცეცხლის შეწყვეტა ენერგეტიკის სექტორში, ცეცხლის შეწყვეტა სასურსათო უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სექტორებში, ანუ ზღვაზე და ჰაერში. სრული ცეცხლის შეწყვეტა - რაკეტებისა და დრონების გარეშე, ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გარეშე. ეს ყველაფერი შევთავაზეთ და ღია ვართ. თუ „რუსები“ მზად იქნებიან, ჩვენც მზად ვართ. დაე, შემოგვთავაზონ ნებისმიერი ვადა - მზად ვართ ამ საკითხის გადასაჭრელად“, - განაცხადა ზელენსკიმ.