„სხვისი კლასი“ - ასე ჰქვია ჟურნალისტ ნინო სამყურაშვილის ახალ წიგნს, რომელიც ქალთა უფლებებს ეხება და სხვადასხვა სოციალურ პრობლემას აერთიანებს. ის გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ გამოიცა, წიგნის პრეზენტაცია კი საერთო სამუშაო სივრცე „ტერმინალში“ გაიმართა, სადაც დისკუსიის ფარგლებში მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ ავტორისთვის საკუთარი კითხვები და მოსაზრებები გაეზიარებინათ. ლიტერატურული ტექსტი ერთ სივრცეში აერთიანებს იმ რეალობას, რომელიც ქალებისთვის სავსეა ბრძოლითა და ტკივილით და ამავდროულად გამძლეობასა და გამარჯვებასაც ასახავს. „სხვისი კლასი“ ნინო სამყურაშვილის რიგით მეორე წიგნია. პირველი წიგნი, „ჯავშანი“, 2021 წელს ასევე გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა.