სალომე სამადაშვილი - ისტორიული არჩევანის გაკეთებისას რთულად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ გავიდოდა 35 წელი, საქართველო კი, ისევ არსებობის ზღვარზე იდგებოდა - საქართველოს დღეს მეტი მეგობარი გულშემატკივრობს, მაგრამ ბრძოლა ჩვენი მოსაგებია - Palitra News

სალომე სამადაშვილი - ისტორიული არჩევანის გაკეთებისას რთულად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ გავიდოდა 35 წელი, საქართველო კი, ისევ არსებობის ზღვარზე იდგებოდა - საქართველოს დღეს მეტი მეგობარი გულშემატკივრობს, მაგრამ ბრძოლა ჩვენი მოსაგებია

2026-03-31 10:29:06+04:00

ისტორიული არჩევანის გაკეთებისას რთულად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ გავიდოდა 35 წელი, ემიგრაციით დაცლილი საქართველო კი, ისევ არსებობის ზღვარზე იდგებოდა - საქართველოს დღეს მეტი მეგობარი გულშემატკივრობს დემოკრატიულ სამყაროში, ვიდრე დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, ეს კარგია, მაგრამ ეს ბრძოლა ჩვენი მოსაგებია,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი 1991 წლის 31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, 31 მარტის რეფერენდუმის შემდეგ „ბევრი „დიახ“ ავირჩიეთ“.

„ამ ისტორიული არჩევანის გაკეთებისას რთულად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ გავიდოდა 35 წელი, ემიგრაციით დაცლილი საქართველოს სახელმწიფო კი, ისევ არსებობის ზღვარზე იდგებოდა.

ამ დღის შემდეგ ბევრი „დიახ“ ავირჩიეთ: „დიახ-დემოკრატიას“, „დიახ-ადამიანის უფლებებს“, „დიახ-საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში“...

და აი, მილიონობით მოქალაქის, უკვე რამდენიმე თაობის არჩევანს ართმევენ ჩვენს ქვეყანას.

არავის ზარი, არავის ვიზიტი, არავის ჩარევა და პოლიტიკური შეფასება არაა მთავარი. მთავარი ხარ შენ, მოქალაქე, რომელიც ამ ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის მემკვიდრეც ხარ, მცველიც და ჭირისუფალიც გახდები, თუ ეს არჩევანი წაგართვეს.

საქართველოს დღეს მეტი მეგობარი გულშემატკივრობს დემოკრატიულ სამყაროში, ვიდრე დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე... ეს კარგია, მაგრამ ეს ბრძოლა ჩვენია, ჩვენი მოსაგებია“,- წერს სამადაშვილი.