მედია - დონალდ ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად არის ირანის წინააღმდეგ ომი ჰორმუზის სრუტის გახსნის გარეშე დაასრულოს - Palitra News

მედია - დონალდ ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად არის ირანის წინააღმდეგ ომი ჰორმუზის სრუტის გახსნის გარეშე დაასრულოს

2026-03-31 10:46:03+04:00

დონალდ ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად არის ირანის წინააღმდეგ ომი ჰორმუზის სრუტის გახსნის გარეშე დაასრულოს, - ინფორმაციას გამოცემა Wall Street Journal-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში თავის თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად არის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაასრულოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჰორმუზის სრუტე დახურული დარჩება.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფასებით, ჰორმუზის სრუტის გახსნისთვის სამხედრო ოპერაცია ირანთან კონფლიქტის გახანგრძლივებას გამოიწვევს.

ასევე, გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ომის დასრულებამდე ირანში სამხედრო მიზნებს მიაღწიოს, რაც თეირანის საზღვაო ფლოტისა და სარაკეტო მარაგების განადგურებას მოიცავს, ხოლო ამის შემდეგ ჰორმუზის სრუტის გახსნის მიზნით ირანზე დიპლომატიური ზეწოლა განახორციელოს.

წყაროების განცხადებით, თუ დიპლომატიური ზეწოლა შედეგს არ გამოიღებს, მაშინ აშშ ევროპელ და სპარსეთის ყურის მოკავშირეებს ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.