ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებული ექვსი პირის, მათ შორის ჟურნალისტ ელისო კილაძის და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო ვადა გახანგრძლივდა, რის გამოც, დღევანდელ პროცესზე ბრალდებულების - ელისო კილაძის, ოთარ ფარცხალაძის, დავით და გიორგი მიქაძეების, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძისა და გიორგი კამლაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებას მოითხოვს, დაცვა კი გირაოს გამოყენებას.
რაც შეეხება პროცესის დახურვას, შესაბამისი შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, ვინაიდან პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განმარტებით, მოწმეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს.
დახურვის შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. აღნიშნულთან დაკავშირებით ისაუბრა თავად ელისო კილაძემაც.
“მე არ ვეთანხმები ბრალდების მხარის ამ პოზიციას. ჟურნალისტი ვარ და საჯაროობა მნიშვნელოვანია. თვე და 2 დღეა სრულ იზოლაციაში ვარ, მიმოწერები, პაემნის და ზარების უფლება აკრძალული მაქვს. რა თქმა უნდა, ჩემს ბრალს არ ვეთანხმები, მთლიანად ჯგუფის შემადგენლობაში ერთხელ ვარ ნახსენები, არავის ვიცნობ იქიდან ორის გარდა.
არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომ რომელიმე „ქოლცენტრს“ გავუწიე რეკომენდაცია.
დიახ, მე „ქოლცენტრებს“ ვამხელდი და ეს „ქოლცენტრები“ დავით კეზერაშვილის საკუთრებაში იყო... სპეცრაზმის დანიშნულების თანხლებით დამაკავეს, კორუფციაში მხილებული თანამდებობის არც ერთი პირი ასე არ დაუკავებიათ. მე უნდა მომეცეს საშუალება, ბრალდებებს ვუპასუხო, ერთადერთი ადგილი, სადაც შემიძლია ვისაუბრო, სასამართლო სხდომაა. 37 წელში ხომ არ ვარ? პროცესი იყოს საჯარო მედიის წარმომადგენლებისთვის. თუ ამის საშუალება არ მომეცა, ჩემი უდანაშაულობა როგორ უნდა ვამტკიცო?
ასე თუ აპირებენ, პირდაპირ დახვრეტა მომისაჯონ, რა საჭიროა ეს 9 თვე?
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი პოზიცია და სასამართლო პროცესი არ დახუროთ...
ძალიან გული მწყდება, რომ ჯანგველაძის პროცესებს ვერ ვესწრებოდი და რამდენიმე მნიშვნელოვანი მოწმის დაკითხვას ვერ დავესწარი“, - განაცხადა კილაძემ.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომა დახურა.
პროცესს ბრალდებულებიდან მხოლოდ ელისო კილაძე ესწრება.
„წიგნს ვწერ, ვმუშაობ, არ იჯავროთ“,- მიმართა კილაძემ მის ოჯახის წევრებს სხდომის დაწყებამდე და განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მხრივ კარგადაა.
ბრალდებული 6 პირიდან რამდენიმე ქვეყანაში არ იმყოფება, მათზე ძებნაა გამოცხადებული და შესაბამისად, მათ პატიმრობა დაუსწრებლად აქვთ შეფარდებული.
ინფორმაციისთვის, საქმე ეხება ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და ფულის გათეთრებას.უფრო კონკრეტულად კი, საუბარია 2020-2023 წლებში, ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მფარველობაში არსებულ თაღლითურ ე.წ. ქოლცენტრებზე.ბრალის მიხედვით, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე ქოლცენტრის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფდნენ, იღებდნენ გადაწყვეტილებებს ქოლცენტრის გაფართოების ან ადგილმდებარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით, ახორციელებდნენ შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვას, ხელფასების და ბონუსების გაცემას, ასევე პარტნიორებისა და მფარველებისათვის გასანაწილებელი თანხების კალკულაციას და განაწილებას.გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი, ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით უზრუნველყოფდნენ ქოლცენტრის დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობას, რაც გულისხმობდა სამართალდამცავებისგან და კონკურენტი ორგანიზაციების ჩარევისგან დაცვას. ამასთან, მონაწილეობდნენ ქოლცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიც.რაც შეეხება ელისო კილაძეს, პროკურატურის ინფორმაციით, კილაძე დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას სხვადასხვა მედია პლატფორმაზე ახორციელებდა.ასევე, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა კონკურენტი ქოლცენტრების ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით გადმობირებისთვის სათანადო პირობების შექმნა.საბოლოო ჯამში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები უცხო ქვეყნის ორასზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, დაახლოებით 9.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას დაეუფლნენ.ცნობისთვის, ოთარ ფარცხალაძეს, გიორგი მიქაძეს, დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს, მიხეილ ჩოხელს, ელისო კილაძეს, გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.