პარლამენტმა მესამე მოსმენით “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები დაამტკიცა, რომლის შედეგად, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში საერთაშორისო დამკვირვებლად საქართველოს მოქალაქე ვეღარ დარეგისტრირდება.საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე - 18 წლის ასაკიდან. “საარჩევნო კოდექსში“ ასევე განისაზღვრება საერთაშორისო დამკვირვებლების თანმხლები თარჯიმნის რეგისტრაციის პროცედურები.აღნიშნულ საკითხზე მომხსენებელი “ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით მათიკაშვილი იყო. მათიკაშვილის თქმით, აღნიშნული ცვლილება შესაძლებელს გახდის, “მაქსიმალურად შემცირდეს შესაძლებლობა იმისა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის პირადი მიკერძოების ჭრილში არაობიექტური და ორაზროვანი ინფორმაცია იყოს მიწოდებული“.“იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ შესაძლებლობა იმისა, რომ პოლიტიკურმა მიკერძოებამ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისთვის არასახარბიელო, ორგვაროვანი, ორჭოფული მიდგომები შექმნას, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დაე, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში წარმომადგენლად ისეთი ადამიანი მოიხმოს, რომელიც გათავისუფლებული იქნება ქართული პოლიტიკური გემოვნების შიდა სიტუაციისგან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საარჩევნო პროცესების მათეული შეფასება დაცლილი იქნება პოლიტიკური მდგენელისგან, სხვადასხვა პარტიული ინტერესისგან და საბოლოო ჯამში, იქნება მაქსიმალურად ობიექტური და ნეიტრალური“, - ასეთი არგუმენტით ახსნა მათიკაშვილმა “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება, რომლის მიხედვით, საერთაშორისო დამკვირვებელი მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნება.