3 აპრილს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით, წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება - Palitra News

3 აპრილს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით, წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

2026-04-01 09:49:35+04:00

საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 3 აპრილს, 12:00 საათზე გაიმართება. შეხვედრა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით ტარდება.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სხდომის მთავარი მიზანი იმ საორგანიზაციო საკითხების განხილვაა, რომლებიც ეკლესიის მართვა-გამგეობის მოქმედ დებულებაში დეტალურად არ არის განსაზღვრული.

განსახილველ თემებს შორის იქნება სინოდის შემდგომი სხდომების ფორმატი, გაფართოებული კრების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე კრების ჩატარების ადგილის განსაზღვრა და დელეგატების მოწვევის პროცედურები.

საპატრიარქოში განმარტავენ, რომ აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავს სამომავლო საქმიანობის უფრო ეფექტურად დაგეგმვას და იმ პრაქტიკული დეტალების დაზუსტებას, რომლებიც ეკლესიის მართვის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.