სურსათის ეროვნული სააგენტო - სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავს - Palitra News

სურსათის ეროვნული სააგენტო - სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავს

2026-04-01 11:14:40+04:00

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავს.

მათივე განმარტებით, მიუსაფარი ცხოველები, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად უბრუნდებიან უსაფრთხო გარემოს, გარდა იმ ადგილებისა, „რომლებიც საზოგადოების ყველა ნაწილის ინტერესების და უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით აისახა პროგრამაში (საბავშვო ბაღები, სკოლები და ა.შ)“.

„სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, თავი შეიკავონ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციების გავრცელებისგან.

სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიუსაფარი ძაღლები „დასაძინებლად“ მიჰყავს. ძაღლების გადაყვანა ხდება მხოლოდ პროგრამით გათვალისწინებული ვეტერინარული ღონისძიებების ჩატარების მიზნით და ითვალისწინებს მიუსაფარი/მიკედლებული ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იდენტიფიკაცია/რეგისტრაციასა და კასტრაცია/სტერილიზაციას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამოვლენილია შემთხვევები, როცა სახელწიფო პროგრამის დაწყებამდე საჭდიან ძაღლებს შესაბამისი მანიპულაციები ჩატარებული არ აქვთ. გადამოწმების შემდეგ, ასეთ ძაღლებსაც პროგრამით გათვალისწინებული ვეტერინარული ღონისძიებები უტარდებათ.

მიუსაფარი ცხოველები, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად უბრუნდებიან უსაფრთხო გარემოს, გარდა იმ ადგილებისა, რომლებიც საზოგადოების ყველა ნაწილის ინტერესების და უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით აისახა პროგრამაში (საბავშვო ბაღები, სკოლები და ა.შ). ასეთ შემთხვევაში ცხოველის გადაყვანა ხდება უსაფრთხო ლოკაციებზე. ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტო მზადაა ითანამშრომლოს რეგისტრირებულ მიმკედლებელთან ცხოველის გადაყვანის და არეალში დაბრუნების საკითხებთან დაკავშირებით.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მიუსაფარი ძაღლების უკონტროლო გამრავლების ერთ-ერთი მიზეზია, როცა მეპატრონე თავად ამბობს უარს ცხოველზე და ტოვებს ქუჩაში.

ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა კომპლექსურ მიდგომას ეფუძნება და ასევე ითვალისწინებს პატრონიანი ძაღლების როგორც ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და ძუ ძაღლების სტერილიზაციას უფასოდ.

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა, ცხოველის მეპატრონეების პასუხისმგებლობასაც გულისხმობს . იდენტიფიკაცია/რეგისტრაციის შედეგად შესაძლებელი გახდება ქუჩაში დატოვებული ცხოველის მეპატრონის იდენტიფიცირება. ასეთი მეპატრონეები კანონმდებლობის შესაბამისად ჯარიმდებიან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ცხოველთა დამცველები თბილისში აქციებს მართავენ. ბოლო ასეთი აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან 29 მარტს ჩატარდა. მონაწილეები აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებენ მიუსაფარი ძაღლების მასობრივ განადგურებას.

ცხოველთა დამცველები აღნიშნავენ, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს უკანონოდ მიჰყავს სტერილიზებული და აცრილი ცხოველები და შემდეგ აღარ აბრუნებს პირვანდელ ადგილას.

აქციის მონაწილეები ასევე პრემიერის მიერ ხელმოწერილი №412 დადგენილების მე-3 პუნქტის გაუქმებას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, აღნიშნული ცვლილება კრძალავს სტერილიზაციისა და ვაქცინაციის მიზნით გადაყვანილი ძაღლების კვლავ საჯარო სივრცეებში დაბრუნებას.