უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, კიდევ სამმა ქვეყანამ - გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ და მოლდოვამ დაადასტურეს მზადყოფნა, შეუერთდნენ გაფართოებულ ნაწილობრივ შეთანხმებას, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ეხება.
უკრაინული მედიის ცნობით, სიბიგამ ეს განცხადება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, საერთო ჯამში, ევროპის საბჭოს 13 წევრი სახელმწიფო და ერთი არაწევრი ქვეყანა უკვე მზადაა შეთანხმებას შეუერთდეს.
„გაცილებით ფართო მონაწილეთა სპექტრს ველოდით. 16 მხოლოდ კანონიერი მინიმუმია. მოვუწოდებ ყველა კოლეგას, აქტიურად იმუშაონ სახელმწიფოების ამ სიის გაფართოებისთვის. იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში დამატებითი განცხადებები გაკეთდება. აქტიურად ვმუშაობთ ამაზე“, - აღნიშნა სიბიგამ.