ომბუდსმენი - შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის სახდელები არაპროპორციულია, სამართალდამცავების შეურაცხყოფის კრიმინალიზება კი ქმნის ლეგიტიმური კრიტიკის წინააღმდეგ ნორმის არასწორი გამოყენების რისკს - Palitra News

ომბუდსმენი - შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის სახდელები არაპროპორციულია, სამართალდამცავების შეურაცხყოფის კრიმინალიზება კი ქმნის ლეგიტიმური კრიტიკის წინააღმდეგ ნორმის არასწორი გამოყენების რისკს

2026-04-01 14:45:04+04:00

საქართველოს სახალხო დამცველმა შეკრების თავისუფლების მზღუდავი რიგი საკანონმდებლო ნორმები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა - შეკრების გამართვის წესებთან დაკავშირებულ აკრძალვებთან ერთად, კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემადგენლობა, როგორც უალტერნატივო პატიმრობა, ისე კანონით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა, - ამის შესახებ სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტში წერია, რომ ასევე, სადავოდ არის გამხდარი შეკრების თავისუფლებით დაცული ცალკეული ქმედებებისთვის გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

„2024 წლის დეკემბერში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ასახული ცვლილებით, დემონსტრანტებს უპირობოდ აეკრძალათ სახის ნიღბით და სხვა საშუალებებით დაფარვა, 2025 წლის თებერვალში, უფლებაში ჩარევის კიდევ უფრო მეტი საფუძველი დაწესდა (მაგ., გაიზარდა შეკრების გამართვის ადგილთან დაკავშირებულ ბლანკეტურ აკრძალვას დაქვემდებარებული ლოკაციების სია და მკვეთრად შეიზღუდა დროებითი კონსტრუქციების მოწყობის შესაძლებლობა). უფლების საკანონმდებლო დაცვის გარანტიების შესუსტებას თან სდევდა ცვლილებებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლითაც არაპროპორციული სახდელები დაწესდა შეკრების თავისუფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის.

აღნიშნული ცვლილებები სახალხო დამცველმა გასულ საპარლამენტო ანგარიშში გააკრიტიკა და შეკრების თავისუფლების გაუმართლებლად მზღუდავი წესების გაუქმება მოითხოვა. ამავე დროს, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ზემოხსენებული ცვლილებები უარყოფითად შეაფასა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR).

მოგვიანებით, შეკრების თავისუფლების მზღუდავი საკანონმდებლო მოწესრიგება კიდევ უფრო გამკაცრდა. მათ შორის, 2025 წლის 16 ოქტომბერს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741-ე მუხლში შესული ცვლილებებით, შეკრების მონაწილეთა ცალკეული მშვიდობიანი ქმედებებისთვის (მაგალითად, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა, ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა კანონით გათვალისწინებული პირობების დარღვევით) უალტერნატივოდ იქნა გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობა, გარდა ვიწროდ განსაზღვრული საგამონაკლისო შემთხვევებისა. ამავე თარიღში ცვლილება შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლში და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდა ზემოხსენებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ რომელიმე ჩამოთვლილი ქმედების განმეორებით ჩადენაზე.

სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) ეს ცვლილებებიც შეაფასა და მათი გაუქმება მოითხოვა. ორგანიზაციის მითითებით, თავისუფლების აღკვეთა, მათ შორის, ადმინისტრაციული პატიმრობა არ უნდა გამოიყენებოდეს საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებით მშვიდობიანი სარგებლობის დასასჯელად; ამასთანავე, ნაკლებად მძიმე ალტერნატიული სანქციების გამოყენების შეუძლებლობა არღვევს პროპორციულობის პრინციპსაც.

რაც შეეხება სამართალდამცავების შეურაცხყოფის კრიმინალიზებას, დასკვნაში აღინიშნა, რომ დადგენილი მოწესრიგების ფართო და ბუნდოვანი ტერმინოლოგია, რომელიც იძლევა სუბიექტური ინტერპრეტაციის საშუალებას, ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სამართლით მოთხოვნილ კანონიერების, სიცხადისა და განჭვრეტადობის სტანდარტებს. გარდა ამისა, ის ქმნის საჯარო მოხელეების ლეგიტიმური კრიტიკის წინააღმდეგ ნორმის არასწორი, ზედმეტად ფართო, თვითნებური და მიზანმიმართული გამოყენების რისკს, რაც ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებს და აზიანებს სამოქალაქო აქტივიზმს.

მოგვიანებით, 2025 წლის 10 დეკემბერს, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა, რომლის შედეგად, შეკრების ჩატარების შესახებ წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება გავრცელდა იმ შემთხვევებზეც, როდესაც შეკრება იმართება „ხალხის სავალ ადგილას“ ან „ხალხის მოძრაობას აფერხებს“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭა უფლებამოსილება, გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში განიხილოს შეკრების ჩატარების ადგილის ან/და დროის, სვლაგეზის მიზანშეწონილობის საკითხი და გასცეს სავალდებულო მითითება, თუკი ეს შეკრება, მათ შორის, საფრთხეს უქმნის ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას. ამასთანავე, აიკრძალა ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა.

მსგავს ბუნდოვან საკანონმდებლო დათქმას სახალხო დამცველი საჯარო განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უფლებრივი სტანდარტის მხედველობაში მიღებით, შეუძლებელია იმის განჭვრეტა, რა შემთხვევაში შეიძლება ტროტუარზე პროტესტის გამოხატვამ შექმნას უფლებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი.

ამ თვალსაზრისით, საყურადღებოა, რომ შეკრება, მისი ძირითადი ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლოა, იწვევდეს ცხოვრების ჩვეული რიტმის გარკვეულ შეფერხებას, თუმცა ასეთი შეფერხება ხელისუფლებამ უნდა დაუშვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამით მომეტებულად ზიანდება შემხვედრი ინტერესი.

ამასთან ერთად, რადგან შეკრებები საჯარო სივრცეების გამოყენების ისეთივე ლეგიტიმურ ფორმას წარმოადგენს, როგორც მათი გამოყენების სხვა, უფრო რუტინული გზები (მაგალითად, ქვეითთა და ტრანსპორტის გადაადგილება), დაუშვებელია, კანონმდებლობის აღსრულება დაეფუძნოს ქვეითთა ინტერესებისთვის უპირობო უპირატესობის მინიჭებას.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, არ შეეზღუდა მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა უფლებები მაშინ, როდესაც ქვეითთათვის შექმნილი დისკომფორტი, გადაადგილების ალტერნატიული მარშრუტების, შეკრების მონაწილეთა რაოდენობის თუ მისი ხანგრძლივობის გათვალისწინებით, არ აღწევს სერიოზულობის საკმარის ხარისხს.

საგულისხმოა ისიც, რომ მსგავსი კანონმდებლობის ავტომატური აღსრულება პრაქტიკაში სერიოზულ რისკს წარმოშობს, შეკრების გამართვის შესაძლებლობა ნებართვის მიღებას დაექვემდებაროს, რასაც პირდაპირ კრძალავს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი.

საბოლოოდ, საქართველოს სახალხო დამცველმა შეკრების თავისუფლების მზღუდავი რიგი საკანონმდებლო ნორმები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. შეკრების გამართვის წესებთან დაკავშირებულ აკრძალვებთან ერთად, კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემადგენლობა, როგორც უალტერნატივო პატიმრობა, ისე კანონით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა. გარდა ამისა, სადავოდ არის გამხდარი შეკრების თავისუფლებით დაცული ცალკეული ქმედებებისთვის გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა,” - აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია სასამართლო სხდომების გაშუქებასთან დაკავშირებით, კანონში შეტანილ ცვლილებებზე.

„2025 წელს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები შეეხო სასამართლო სხდომების გაშუქების რეგულაციებს, რომლითაც შეიზღუდა სასამართლო სხდომების საჯაროობის პრინციპი და, შესაბამისად, მართლმსაჯულების საქვეყნოობისა და გამჭვირვალობის მანამდე არსებული პრაქტიკა. სამწუხაროდ, პარლამენტმა, სახალხო დამცველის მოწოდების მიუხედავად, დაჩქარებული წესით მხარი დაუჭირა აღნიშნულ კანონპროექტს.

საკანონმდებლო ცვლილებებით შემოტანილი მოდელით, სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში დაუშვებელია ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიოჩაწერა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს.

ხაზგასასმელია, რომ აკრძალვის გეოგრაფიული არეალი გასცდა უშუალოდ სასამართლო შენობას და გავრცელდა სასამართლოს ეზოზეც, რეგულაცია იმპერატიულად კრძალავს აუდიოჩაწერასაც, რაც მანამდე მოქმედი კანონმდებლობით დაშვებული იყო.

კომპენსირების მექანიზმად შეიძლება მივიჩნიოთ სასამართლოსთვის დაკისრებული პირდაპირი ინსტიტუციური ვალდებულება, თავად უზრუნველყოს პროცესის სრული აუდიო-ვიდეო ჩაწერა და მოთხოვნისთანავე გახადოს იგი ხელმისაწვდომი მხარეებისთვის.

სასამართლოში ფოტო-კინო-ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა, აგრეთვე ტრანსლაცია დაიშვება მხოლოდ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით. შესაბამისად, პროცესის ტექნიკური საშუალებებით გაშუქებაზე გადაწყვეტილების მიღება სცილდება კონკრეტული საქმის განმხილველი მოსამართლის დისკრეციულ უფლებამოსილებას და იღებს ცენტრალიზებულ ხასიათს, რაც გამორიცხავს მოსამართლის მიერ საქმის ინდივიდუალური გარემოებებისა და საჯარო ინტერესის დაბალანსების შესაძლებლობას.

ამასთანავე, სამწუხაროდ, უცნობია, თუ რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს საბჭო ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას. არ არის მიღებული არანაირი რეგულაცია, რომელიც განსაზღვრავდა საბჭოს მიერ საკითხის განხილვის პროცედურებსა თუ გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმებს. სახალხო დამცველის მიმართვის პასუხად, რომელიც სასამართლო სხდომების აუდიო-ვიდეო ჩაწერისა და ტრანსლაციის ნებართვის გაცემის დეტალების დაზუსტებას ისახავდა მიზნად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიგვითითა საბჭოს რეგლამენტზე.

რეგლამენტში არ არის გაწერილი სპეციალური ნორმები, რომლებიც დაადგენდა განცხადებაზე პასუხის გაცემის ვადებს და, რაც ყველაზე არსებითია, განსაზღვრავდა მისი დაკმაყოფილების მკაფიო კრიტერიუმებს.

აღსანიშნავია, რომ სრულად პასუხგაუცემელი დარჩა მოთხოვნა 2025 წლის განმავლობაში აღნიშნული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების სტატისტიკის შესახებ.

დამატებით, სახალხო დამცველი დაინტერესდა იმითაც, მიღებული ცვლილებებით შესაძლებელია თუ არა საპროცესო მხარეებს შეეზღუდოთ სასამართლო სხდომის განმავლობაში ელექტრონული მოწყობილობებით სარგებლობა, რაზეც საბჭომ 2025 წლის 17 ივლისის №76 დადგენილებაზე მიგვითითა. აღნიშნული აქტი აწესებს ნეიტრალური ხასიათის აკრძალვას და არ ითვალისწინებს რაიმე სახის გამონაკლისს ან სპეციალურ გარანტიას მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის,“ - აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, ომბუდსმენი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს პარლამენტს:

გაუქმდეს დემონსტრანტებისთვის სახის ნიღბით ან სხვაგვარი საშუალებებით დაფარვის უპირობო აკრძალვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში;

გაუქმდეს შეკრების გამართვის ადგილთან დაკავშირებული ბლანკეტური აკრძალვები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში და უფლებამოსილ უწყებას მიენიჭოს საკითხის ინდივიდუალურად გადაწყვეტის შესაძლებლობა, შეკრების თავისუფლების შეზღუდვის საერთაშორისო და კონსტიტუციური სტანდარტის შესაბამისად;

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გაუქმდეს ადმინისტრაციული პატიმრობის, როგორც უალტერნატივო ადმინისტრაციული სახდელის, გამოყენების შესაძლებლობა შეკრების მონაწილეთა მშვიდობიანი ქმედებებისთვის და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით, ხელახლა განისაზღვროს სახდელების სახეები და ოდენობები;

გაუქმდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3533-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სამართალდამცავის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ან/და ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისთვის.