პრეზიდენტი ტრამპი ყველაფერს გადახედავს, იქნება ეს ნატო-ში ჩვენი მონაწილეობა, თუ უკრაინაში ევროპული ძალისხმევის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა, - ამის შესახებ ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა მეთიუ უიტაკერმა Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.
უიტაკერის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია იმის შესახებ, უნდა დარჩეს თუ არა აშშ ნატო-ში.
„ახლა ყველაფერი განიხილება. ნათელია, რომ პრეზიდენტი ყველაფერს გადახედავს, იქნება ეს ნატო-ში ჩვენი მონაწილეობა, თუ უკრაინაში ევროპული ძალისხმევის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ან ნებისმიერ რამ, რასაც აშშ აკეთებს“, - განაცხადა მეთიუ უიტაკერმა.
ცნობისთვის, მანამდე გამოცემა Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ თვეში აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ევროპელ მოკავშირეებს ნატო-ს პროგრამის ფარგლებში უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ ისინი ჰორმუზის სრუტის გახსნის მიზნით ოპერაციას არ შეუერთდებოდნენ.
ასევე, დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაზე პასუხისმგებლობა აშშ-ის მოკავშირეებმა უნდა აიღონ.
„მივმართავ იმ ქვეყნებს, რომლებსაც არ შეუძლიათ საწვავის მიღება, რომელთაგან ბევრი უარს ამბობს ირანის თავის მოკვეთაში ჩართვაზე: მოიკრიბეთ დაგვიანებული გამბედაობა, წადით სრუტეში და უბრალოდ აიღეთ, დაიცავით ის, გამოიყენეთ თქვენთვის. რთული ნაწილი დასრულებულია, ამიტომ ეს ადვილი უნდა იყოს“, - აღნიშნა ტრამპმა.