ფსიქოლოგი - ბავშვებს რაც შეიძლება გვიან უნდა მივცეთ ტელეფონებსა და გაჯეტებთან წვდომის შესაძლებლობა, წამოვიდა მოზარდებში ძილის დარღვევა, სკოლაში სიარულის სირთულეები, კონფლიქტურობა - ხშირად ბავშვები უფრო მართავენ მშობლებს - Palitra News

ფსიქოლოგი - ბავშვებს რაც შეიძლება გვიან უნდა მივცეთ ტელეფონებსა და გაჯეტებთან წვდომის შესაძლებლობა, წამოვიდა მოზარდებში ძილის დარღვევა, სკოლაში სიარულის სირთულეები, კონფლიქტურობა - ხშირად ბავშვები უფრო მართავენ მშობლებს

2026-04-02 12:21:27+04:00

სასკოლო ასაკის ბავშვებში პრობლემები საკმაოდ ფართოა. ძირითადად არის გაჯეტ დამოკიდებულება, ძილის დარღვევები, წამოვიდა სკოლაში სიარულის სირთულეები, თანატოლებთან ურთიერთობის სირთულე, კონფლიქტურობა, ყურადღების დეფიციტი, შიშები - რაც შეიძლება გვიან უნდა მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, რომ ტელეფონებსა და გაჯეტებთან წვდომა ჰქონდეთ და რაც შეიძლება განსაზღვრული დროით, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ბავშვთა ფსიქოლოგმა, სოფო მაისურაძემ, სასკოლო ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში ფსიქოლოგიური პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბავშვებში ძირითადი პრობლემების გამომწვევი არის ელექტრონული მოწყობილობები, თუმცა მათი აკრძალვა არ არის სწორი გამოსავალი.

“სასკოლო ასაკის ბავშვებში პრობლემები საკმაოდ ფართოა. ძირითადად არის გაჯეტ დამოკიდებულება, ძილის დარღვევები, წამოვიდა სკოლაში სიარულის სირთულეები, თანატოლებთან ურთიერთობის სირთულე, კონფლიქტურობა, ყურადღების დეფიციტი, შიშები. მე ძირითადად, 5 წლიდან 17 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებთან მიწევს ურთიერთობა. პატარებშიც კი საკმაოდ ხშირია ასეთი ტიპის დარღვევები, რაც მანამდე არ იყო. მაგალითად: გაჯეტებზე დამოკიდებულება, ძილის სირთულე, კონფლიქტურობა, აგრესიულობა ბავშვებთან ურთიერთობაში და შიშები. თუმცა ყველაზე დიდი პრობლემაა გაჯეტ დამოკიდებულება და შესაბამისად, ყურადღების დეფიციტი, ძილის სირთულე, ეს კომბინაციაშია. იმიტომ, რომ ეს იწვევს ამას.

რაც ჩამოვთვალეთ, თუ ეს სირთულეები არ არის გენეტიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით წამოსული სირთულე, მაინც მოდის ოჯახიდან. ბავშვის პირველი სოციალური კავშირი და სივრცე არის ოჯახი, შემდეგ ბაღი და სკოლა. შესაბამისად, აქ არსებული სირთულეები, სააღმზრდელო გარემო, რომელიც მათთვის გარკვეულ სირთულეებს ქმნის, ეს იწვევს, პირველ რიგში, ამ პრობლემებს. ძირითადად მაინც ოჯახი, ნაკლები კონტროლი. კონტროლში არ ვგულისხმობ ჯოხით დგომას. აქ არის დროის განსაზღვრა. სამწუხაროდ, მშობლები საკმაოდ გადატვირთულები არიან თანამედროვე ეპოქაში და ხშირად ძალიან ადრე აძლევენ შესაძლებლობას, რომ ბავშვებმა ინტერესი დაიკმაყოფილონ ტელეფონის თამაშებში, ვიდეორგოლებში. 3-4 წლიდან ბავშვები ინტენსიურად არიან ჩართულები და შესაბამისად, დამოკიდებულებაც ძალიან ადრეულად ყალიბდება. ეს დამოკიდებულება იწვევს უკვე ასევე აგრესიულობას, ასევე ძილის დარღვევას, ბევრ სხვა სირთულეს, შიშებს და ა.შ. რაც შეიძლება გვიან უნდა მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, რომ ტელეფონებსა და გაჯეტებთან წვდომა ჰქონდეთ და რაც შეიძლება განსაზღვრული დროით. ჩემთან რომ მოდის მშობელი, მეუბნება „არ მიჯერებს“, „აქვს დამოკიდებულება“, „ვერ ვართმევ“. სანამ იქამდე მივალთ, რომ „ვერ ვართმევ“, მანამდე მშობელს აქვს იმის პასუხისმგებლობა, რომ სანამ ბავშვი არასრულწლოვანია, მასზე იზრუნოს და განუსაზღვროს დრო თავიდანვე. თუ მშობელს მკაფიოდ აქვს განსაზღვრული, რომ ეს დრო არის მისაღები და ამ დროს ის აკონტროლებს, თანმიმდევრულად იცავს ამ დროს, ბავშვი ყოველთვის ხვდება, რომ ეს წესი ასე უნდა მიიღოს და შესაბამისად, ემორჩილება.

აქვე დავამატებ, რომ აკრძალვა არ არის სწორი გამოსავალი, აქ არის შეზღუდვა. ის, რაც ბავშვს სიამოვნებას ანიჭებს თამაშის ან ყურების პროცესში, ამის ჩანაცვლება უნდა მოხდეს. ბავშვმა საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების რეალიზება, რომელიც ამ ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უნდა შეძლოს რაიმე ისეთ სფეროში, სადაც ის თავს უფრო ბედნიერად იგრძნობს, მოეწონება საკუთარი გაკეთებული და ამით აღიარებასაც მიიღებს, უფრო ბედნიერიც იქნება. ასევე, სურვილიც გაუჩნდება, რომ უფრო მეტად აქ იყოს და აქ გამოავლინოს საკუთარი, ვიდრე იმ თამაშებში. ამაში მშობლები უნდა დაეხმარონ, უნდა ვაპოვნინოთ ბავშვს სასიამოვნო აქტივობა. შესაძლოა, სახლში შევუქმნათ სივრცე, სადაც მიიღებს ამ სიამოვნებას, იქნება ეს ხატვა, მუსიკის ჩართვა, ცეკვა, ასევე, ჩოგბურთი, კალათბურთი, ეზოში ბავშვებთან ურთიერთობა. ანუ ალტერნატივა, მე, მშობელმა უნდა შევთავაზო.

როდესაც ბავშვს გაჯეტში განსაზღვრული აქვს დრო, ვიცით, რომ აქვს ორი საათი, ესეც შეთანხმებული უნდა მქონდეს ბავშვთან. თავად არ უნდა გადავწყვიტო. აუცილებელია შეთანხმება მშობელსა და ბავშვს შორის, რომ ბავშვმა შეძლოს ამ პირობის შესრულება. ხოლო, მაშინ, როცა ეს ორი საათი ამოიწურება და მაგალითად, ვერ მოასწრებს საშინაო დავალებების დაწერას, ასეთ შემთხვევაში, მე არ ვაძლევ დამატებით დროს. უნდა მიხვდეს, რომ შემდეგისთვის ისე გათვალოს დრო, რომ ჯერ საშინაო დავალება გააკეთოს და თავისუფალი დრო მოიტოვოს უკვე მისთვის საჭირო რაღაცების სანახავად. შეცდომის დაშვების უფლება მე უნდა მივცე ბავშვს, დაინახოს, რომ რაღაც ვერ მოასწრო. მიიღოს ის უსიამოვნო ემოცია, რომელიც სკოლის გარემოდან შეიძლება მოუბრუნდეს, იმიტომ, რომ რაღაც ვერ გააკეთა, რათა მეორედ ამაზე იზრუნოს. ის ალტერნატივა, ბებია, ბაბუა, დეიდა და ბიძა მესმის, ეს ძალიან რთულია, თუმცა ჩვენ მათ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ეს ბავშვისთვის არის, პირველ რიგში, არაჯანსაღი. ბავშვს ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება, რომ მოძებნოს რაღაც ალტერნატიული გზა, დაიწყოს მანიპულაცია, იქნებ რაღაცნაირად მიიღოს წვდომა. ამაში დიდ ენერგიას ხარჯავს ბავშვი, ამისთვის ძალიან ცოდოა, ეჩვევა იმ მანიპულაციებს, რომ რაღაცნაირად შეგაცოდოს თავი, გაითამაშოს, დადგას სცენა, მოიგონოს, რომ რაღაც აქვს გასაკეთებელი. მერე ამას ისე დაისწავლის, რომ მთელი ცხოვრება შეიძლება გაჰყვეს. ამიტომ ჩვენ ეს ოჯახის ზრდასრულ წევრებსაც უნდა ავუხსნათ და ავუხსნათ სწორად. ოჯახში უნდა იყოს საერთო წესები. თუ ოჯახის წევრები საერთო წესზე ვერ თანხმდებიან, რა თქმა უნდა, ბავშვსაც გაუჭირდება ამ წესის მიღება. ის მივა ბებიასთან, თუკი ხვდება, რომ ბებია მისცემს ამის შესაძლებლობას...” - განაცხადა სოფო მაისურაძემ.

გარდა ამისა, მან მოზარდებს შორის ბულინგის პრობლემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით, ამ პრობლემაზე უფრო მეტი საუბრობს ღიად, ვიდრე ეს აქამდე იყო.

„ამ პრობლემით მომართავენ მე-5 კლასის ზევით ასაკის მოზარდები. ბულინგი ყოველთვის იყო, იქნება, უბრალოდ ამას დაემატა კიბერბულინგი. რომ ვთქვა, ხშირია მომართვიანობა, ასე არ არის. არის ასეთი შემთხვევები, მაგრამ ბევრად უფრო ხშირია, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. დამალვით არ იმალება, პირიქით. დღეს უფრო მეტად ვრცელდება ასეთი ფაქტები, რაც ადრე არ ვრცელდებოდა. ბულინგის ფაქტები ახლა უბრალოდ აღარ იმალება, ძალიან თვალსაჩინოა. საჯარო სკოლაში არიან მანდატურები, რომლებიც ხშირად ამისამართებენ ფსიქოლოგებთან, არიან სოციალური მუშაკები, მშობლებიც ბევრად უფრო ინფორმირებულები არიან. ასევე პედაგოგებიც, უფრო მეტად ამჩნევენ და უფრო ნაკლებად ხუჭავენ ამაზე თვალებს, ვიდრე ეს ადრე იყო. ხშირად ეს მშობლამდეც არ მიდიოდა, მაშინ „ჩაშვების“ მომენტიც იყო, ახლა ბავშვიც უფრო მეტად აღზრდილია, უფრო მარტივად მიაქვს მშობლამდე. გარშემომყოფები, მშობლები, პედაგოგები, სოციალური მუშაკები, გარემო ბევრად უფრო ინფორმირებულია და ბევრად უფრო მარტივად ხდება ამ ქცევების ამოცნობა. ასე რომ, მომატებული არ მგონია იყოს, უფრო მეტად არის გახმაურებული”, - განაცხადა სოფო მაისურაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ბავშვთა ფსიქოლოგმა ისაუბრა, მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობაა. როგორც მან აღნიშნა, მშობელსა და შვილს ერთმანეთში როლები არ უნდა ჰქონდეთ აღრეული.

“თითქოს მეგობრული ურთიერთობა უფრო წამოვიდა ბავშვებსა და მშობლებს შორის, უფრო მეტად არის, ვიდრე ადრე. ზღვარი უფრო დიდი იყო, თუმცა ახლა წამოვიდა ურთიერთობის ისეთი ფორმა, სადაც მშობლები მშობლის როლს კარგავენ, არიან ბავშვის როლში და ბავშვი მშობლის როლში. იმდენად ბევრის უფლებას აძლევენ ხშირად ბავშვებს მშობლები, იმიტომ, რომ თვითონ დეფიციტი ჰქონდათ, რომ პირიქით ხდება. ამ შემთხვევაში, ბავშვები უფრო მართავენ მშობლებს. ასე რომ, ვერ ვიტყვით ასე ცალსახად, თუმცა, უფრო რაც შეიმჩნევა, ორივე მშობელი უფრო მეტად ჩართულია ბავშვების აღზრდის პროცესში, ეს ძალიან სასიხარულოა. ადრე ძირითადად, მაინც დედა იყო აქტიურად ჩართული, დედას უნდა ეზრუნა ყველაფერზე, ახლა საბედნიეროდ, ორივე მშობელი ცდილობს, რომ პასუხისმგებლობა თანაბრად აიღოს. მეტი ინფორმაციაც აქვთ, უფრო მარტივად მიმართავენ ფსიქოლოგს თუ რაიმე სირთულეა. ნამდვილად არის ამ მხრივ პროგრესი.

არსებობს აღზრდის რამდენიმე სტილი, ყველაზე ჯანსაღი და მეცნიერულად დამტკიცებული რომელიც არის, არის ის, რომ მშობელი აუცილებლად გამოხატავს უპირობო სიყვარულს ბავშვის მიმართ როგორც ვერბალურად, ისე არავერბალურად. სიყვარული უნდა იყოს დიდი დოზით. აქ სიყვარულში, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება ის, მარტო ვერბალურად ვუხსნათ, რომ „ძალიან მიყვარხარ“, აქ აუცილებელია, სიყვარული იყოს დამოკიდებულებაში, ბავშვთან ურთიერთობის დროს. კომუნიკაცია, დამოკიდებულება ამ ყველაფერში გრძნობს ბავშვი მშობლის დამოკიდებულებას. სიყვარული აუცილებელია, კონტროლიც და აუცილებელია თანმიმდევრულობა. ამ ურთიერთობაში მშობელი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს მშობელი. მეგობრულობა ცოტა ცუდად არის გაგებული. მშობელი უნდა იყოს გამგები, თანაგანმცდელი და მიმღები. უნდა ხვდებოდეს ბავშვს რა აწუხებს, რა სირთულე აქვს და ამ ყველაფერში ის როგორც მხარს უნდა უჭერდეს, ასევე სწორ მიმართულებას უნდა აძლევდეს. თვითონ არ უნდა უგვარებდეს. თვითონ არ უნდა აკეთებდეს მის ნაცვლად. არასწორია, როცა მშობელი ცდილობს, რომ ზედმეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე და ბავშვს წაართვას ის, რაც მისი გასაკეთებელია, რის გამოც ბავშვი მუდმივად არის დამოკიდებული მშობელზე. ჰიპერმზრუნველობას რასაც ეძახიან. ამის შედეგად არის უსუსურობის განცდა. რომ შეეკითხები [ბავშვს] რა გინდა, რა გიყიდო, რა გაჭამო, სად უნდა ჩაბარება, არ იცის. ეს ყველაფერი არის უკვე გადაჭარბებული მზრუნველობის შედეგი. ამიტომ დაბალანსებული უნდა იყოს. ოქროს შუალედი უნდა იყოს, რომ მშობელს ჰქონდეს მშობლის როლი, ბავშვს უნდა ჰქონდეს აუცილებლად რიდი, მხარდაჭერასაც უნდა გრძნობდეს მშობლისგან, თანადგომასაც და უნდა ხვდებოდეს, რომ მშობელს ის უყვარს, იღებს ისეთს როგორიც არის. არ უნდა ეშინოდეს შეცდომის დაშვების და არ უნდა ეშინოდეს საკუთარი ანუ რეალურად რაც არის მისი გამოვლენის.

ბოლოს აუცილებლად ვიტყვი ერთ რამეს - დღეს სოციუმი ძალიან აგრესიულია და ძალიან დესტრუქციულია ჩვენი გარემო, სადაც ვცხოვრობთ. შესაბამისად, მაქსიმალურად ვისურვებდი, რომ მშობლის მხრიდანაც, პედაგოგის მხრიდანაც, თანატოლების მხრიდანაც, რაც შეიძლება მეტი სიყვარული იყოს, გაგება, თანადგომა და თბილი, პოზიტიური ურთიერთობები, განკიცხვის, დაცინვის და ცინიზმის გარეშე. ამას ვურჩევდი. ყველამ რაღაცნაირად მივცეთ ერთმანეთს შეცდომების დაშვების უფლების შესაძლებლობა, ბავშვებს განსაკუთრებით”, - განაცხადა ფსიქოლოგმა სოფო მაისურაძემ.