2024 წლამდე გამოშვებული ყველა ავტომობილის განბაჟება გაძვირდა - Palitra News

2024 წლამდე გამოშვებული ყველა ავტომობილის განბაჟება გაძვირდა

2026-04-02 13:50:35+04:00

2024 წლამდე გამოშვებული ყველა ავტომობილის განბაჟება გაძვირდა. საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული ცვლილებებით, ახალი ტარიფები უკვე დღეიდან ამოქმედდა. აღსანიშნავია, რომ ახალი კანონის თანახმად, განბაჟების საფასური იზრდება 2024 წლამდე გამოშვებულ ყველა ავტომობილზე. განბაჟების ტარიფი უცვლელი დარჩა მხოლოდ 2024, 2025 და 2026 წელს გამოშვებულ ავტომობილებზე. უფრო კონკრეტულად, ცვლილებების თანახმად, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილების ნაწილის შემთხვევაში ძრავის მოცულობის 1 კუბურ სანტიმეტრზე 1 ლარითა და 50 თეთრით განისაზღვრა. აქამდე მოქმედი რედაქციით, ამ წლოვანების ავტომობილების განბაჟების ტარიფი 1 კუბურ სანტიმეტრზე 80 თეთრი იყო და მაქსიმუმ 1 ლარსა და 40 თეთრს აღწევდა. ცვლილებების შემდეგ კი ყველასთვის ლარნახევარი გახდა. შესაბამისად, გამოდის რომ, განბაჟების საფასური გაიზარდა 3-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვისაც. რაც შეეხება, 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებს, მათ შემთხვევაში განბაჟების საფასური 4 ლარი და 50 თეთრი გახდა, რაც ფაქტობრივად 5.6-ჯერ გაზრდილი ტარიფია, რადგან კანონის ძველი რედაქციით, 6 წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული ავტომობილები, ძრავის 1 კუბური სანტიმეტრისთვის 80 თეთრიანი აქციზით იბეგრებოდა. შედეგად, თუ ავიღებთ 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილს, 1500 კუბური სანტიმეტრის ძრავის მოცულობით, მისი განბაჟების საფასური 1 875 ლარიდან 6 750 ლარამდე გაიზარდა. მოგეხსენებათ, რომ განბაჟების საფასური იცვლება ავტომობილის ტიპის, წლოვანების, ასევე ძრავის მოცულობის მიხედვით. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი ტარიფების ძალაში შესვლის შემდეგ, გარკვეული კატეგორიის ავტომობილებისთვის დადგინდა საშეღავათო ვადა. კერძოდ, კანონპროექტის გარდამავალი დებულებები ითვალისწინებს აქციზის ახალი კანონის ამოქმედებამდე, მოქმედი განაკვეთებით იმპორტის საბაჟო პროცედურაში იმ ავტომობილის მოქცევას, რომელიც შემოყვანილია საქართველოში 2026 წლის 2 აპრილამდე, ან რომლის საქართველოში შემოყვანის მიზნით, უცხო ქვეყანაში ტრანსპორტირება დაწყებულია 2 აპრილამდე. ამასთან, თუ ავტომობილის ტრანსპორტირება ხდება სახმელეთო ტრანსპორტით, ან ის გადაადგილდება თავისი სვლით, დგინდება დამატებითი პირობა, რომლის მიხედვითაც, კანონის ამოქმედებამდე მოქმედი განაკვეთები გავრცელდება ავტომობილის საქართველოს ტერიტორიაზე 2026 წლის 1 ივლისამდე შემოყვანის შემთხვევაში.