2025 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი წლიურად 5.9%-ით გაიზარდა და 4 მიალირდ 690 მილიონ დოლარს მიაღწია - Palitra News

2025 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი წლიურად 5.9%-ით გაიზარდა და 4 მიალირდ 690 მილიონ დოლარს მიაღწია

2026-04-02 13:54:09+04:00

2025 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი წლიურად 5.9%-ით გაიზარდა და 4 მიალირდ 690 მილიონ დოლარს მიაღწია. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ტურიზმის ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული. კვლევის მიხედვით, გასულ წელს ტურიზმის შემოსავლების ზრდა ყველა კვარტალში დაფიქსირდა, ხოლო პიკს მესამე კვარტალში მიაღწია, როდესაც შემოსავალმა 1 მიალირდ 670 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ქვეყნების მიხედვით, ტურიზმის შემოსავლების უდიდეს წყაროდ კვლავ რუსეთია - 564 მლნ დოლარით, თუმცა ამ ქვეყნიდან წლიური კლება (-18%) დაფიქსირდა. შემოსავლების მიხედვით, ერთ-ერთი მსხვილი წყაროა ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი, საიდანაც ჯამურად მიღებულმა შემოსავალმა 511 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 16%-იან ზრდაზე მიუთითებს. თურქეთიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 606 მლნ დოლარი შეადგინა, თუმცა ამ ბაზარზე მცირე, 1%-იანი კლება დაფიქსირდა. ამასთან, ყველაზე მაღალი ზრდა გასულ წელს დაფიქსირდა ისრაელიდან (34%) და აზერბაიჯანიდან (33%). კერძოდ, ისრაელის მოქალაქეების მიერ საქართველოში დახარჯულმა თანხებმა 586 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო აზერბაიჯანის მოქალაქეების დანახარჯმა - 223 მლნ დოლარი. ამავე პერიოდში, საუდის არაბეთიდან ტურისტული დანახარჯები 16%-ით გაიზარდა და 141 მლნ დოლარს მიაღწია. ზრდა ფიქსირდება ასევე სომხეთიდან (8%, 170 მლნ დოლარი) და უკრაინიდან (6%, 158 მლნ დოლარი). „ძლიერი ზრდა, უფრო მაღალი ხარჯების მქონე და რეგიონული ბაზრებისკენ თანდათანობით გადაადგილებაზე მიუთითებს, რაც ნაწილობრივ აბალანსებს სხვა ბაზრებიდან შემცირებას და ხელს უწყობს შემოსავლების საერთო ზრდას“, - აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაში. თუმცა, რთული სათქმელია, ახლო აღამოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე შენარჩუნდება თუ არა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების გასულ წლის დინამიკა და ტენდენციები.