მორიგი რეკორდი - მთავრობამ შარშან შტატგარეშე თანამშრომლებზე 684 მლნ ლარზე მეტი ოდენობის ხელფასი გასცა. ეს კი 2024 წელთან შედარებით 9 მლნ ლარით მეტია. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, წინა წელს შტატგარეშეთა ხელფასებზე ხაზინიდან 592 მლნ ლარი დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არ არის მითითებული, რამდენი შტატგარეშე თანამშრომელი მუშაობს სხვადასხვა სამინისტროში, სსიპ-სა თუ ააიპ-ში. მხოლოდ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებისთვის, რომელთა რაოდენობაც არ ვიცით და მით უფრო არც უფლება-მოვალეობები, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2, 5 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა და ეს მონაცემი წლიდან-წლამდე მზარდი იყო.ამავე დოკუმენტის მიხედვით, შტატგარეშეებთან ერთად 2025 წელს გაიზარდა შტატიანი მოხელეების სახელფასო ფონდიც. გასულ წელს მათზე ჯამში 2 მილიარდ 965 მილიონი ლარის ხელფასი გაიცა, რაც წინა წელთან შედარებით 375 მლნ ლარით მეტია. 2024 წელს სახელფასო ფონდი 2 მილიარდ 590 მილიონ ლარს შეადგენდა.