ევროკავშირი, რუსეთის -უკრაინის ომის დაწყებისას მიღებული ანტიკრიზისული ზომების აღდგენას განიხილავს - Palitra News

ევროკავშირი, რუსეთის -უკრაინის ომის დაწყებისას მიღებული ანტიკრიზისული ზომების აღდგენას განიხილავს

2026-04-02 13:56:38+04:00

ევროკავშირი, რუსეთის -უკრაინის ომის დაწყებისას მიღებული ანტიკრიზისული ზომების აღდგენას განიხილავს. მიზეზი ირანის ომის გამო არასტაბილური ენერგომომარაგება და ენერგორესურსებზე გაზრდილი ფასებია. ამის შესახებ ენერგეტიკის ევროკომისარი, დენ იორგენსენი საუბრობს, რასაც Deutsche Welle ავრცელებს. მისი თქმით, შესაძლო ზომები ქსელის გამოყენებისა და ელექტროენერგიის გადასახადებზე შეზღუდვებს მოიცავდეს. 2022 წელს ევროკავშირის ხელისუფლებამ ენერგეტიკული კომპანიებისთვის ჭარბი შემოსავლის გადასახადი, ხოლო ბუნებრივ აირზე ფასების ლიმიტი შემოიღო. უცნობია, დაწესდება თუ არა ახლაც ანალოგიური ზომები, რადგან კრიზისის მასშტაბი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ევროკომისარი ენერგეტიკულ ბაზარზე არასტაბილურობის გაგრძელებას ელოდება. მისი შეფასებით, მართალია, გლობალური ვითარების გაუარესება პირდაპირ გავლენას არ ახდენს ევროპის მომარაგებაზე, მაგრამ ზოგადი არასტაბილურობა ფასებზე ზემოქმდებს. ევროკომისარის მონაცემებით, ფასების ზრდისა და მიწოდების ნაწილობრივი შეფერხების შედეგად ევროკავშირში საწვავის იმპორტის ხარჯი, ირანის ომის დაწყებიდან ერთ თვეში, 14 მლრდ ევროთი გაიზარდა. ასევე, ევროპაში გაზის ფასი, საშუალოდ, 70%-ით, ხოლო ნავთობის ფასი 60%-ით გაიზარდა. იორგენსენის ცნობით, ევროკომისია ზომების ერთობლიობას „საკმაოდ მალე“ წარადგენს, რომ ევროპულ ოჯახებსა და ბიზნესს ენერგეტიკული კრიზისის დროს დაეხმაროს. კომისარი, ასევე, მოუწოდებს ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს, რესურსის დაზოგვის 10-პუნქტიანი გეგმა განიხილოს, რომელიც, მათ შორის, ავტომაგისტრალებზე სიჩქარის შემცირებას, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ერთობლივი მგზავრობების, ანუ ავტომობილების გაზიარების წახალისებას გულისხმობს.