სამწუხაროდ, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველო მიტაცებულ სახელმწიფოს წარმოადგენს, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ ნიდერლანდების პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში „საქართველოში მზარდი რეპრესიების შესახებ“ გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ეს დემოკრატია აღარ არის, ნახევრად დემოკრატიაც არ არის. საქართველო უფრო და უფრო უახლოვდება ავტორიტარული ქვეყნების კლუბს, როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ბელარუსი და ჩნდება კითხვა, თუ როგორ აღმოვჩნდით აქ. როგორ ვერ შეამჩნია თავისუფლების მოყვარულმა ქართველმა ხალხმა ის, თუ როგორ წაართვეს მას ეს თავისუფლებები? როგორ ვერ შეამჩნია ევროკავშირმა, რომელმაც საქართველოს რამდენიმე წლის წინ კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, რომ მას ეს ტრაგიკული კურსი ჰქონდა?“ - განაცხადა რუხაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული ვითარება მოვლენების „იზოლირებული განვითარება“ არ არის.
„შემიძლია გითხრათ, რომ ეს არც შიდა პოლიტიკური კრიზისია, რომელიც ოლიგარქიული ძალაუფლების შენარჩუნებას უკავშირდება. ეს ფართო გეოპოლიტიკური ოპერაციის ნაწილია. მე რუსულ ოპერაციას ვუწოდებ. დღეს, ყველასთვის ნათელია, თუ რა არის რუსეთის მიზანი. მისი მიზანი თავისი სამეზობლოს დამორჩილებაა, რეგიონსა და მის გარეთ ჰეგემონიის დამყარება. ამ მიზნის მისაღწევად უკრაინაში რუსები სამხედრო საშუალებას იყენებენ. მათ საქართველოშიც ზუსტად იგივე მიზნის მიღწევა სურთ, თუმცა სხვა საშუალებებით. მათ შორის, რუსული სტილის კანონებით, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ლიდერების დაკავებით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვით. აღნიშნული მექანიზმების გამოყენებით საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები ჩამოშლილია და სახელმწიფო რუსულ კონტროლს ექვემდებარება. ეს ყველაფერი კი „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ხორციელდება“, - აღნიშნა გიორგი რუხაძემ.