თბილისის უფასო სასადილოების საკითხი ყველა შემთხვევაში კახა კალაძემდე მიდის - თუ ამჯერადაც აუვლიან კახა კალაძეს გვერდს, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ უბრალოდ, „კლანური“ დაპირისპირება გრძელდება და ერთი „კლანის“ კადრების წმენდა მიმდინარეობს მეორე „კლანის“ მიერ, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების საქმეზე 5 პირის დაკავებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ამ ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლას არავინ დაიჯერებს, მანამ, სანამ „ეს ბრძოლა არ შეეხება კახა კალაძეს, როგორც ყველაზე სამარცხვინო კორუფციონერს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში“.
„თბილისის უფასო სასადილოების საკითხი ყველა შემთხვევაში, 100%-ით დადასტურებულად, აუცილებლად მიდის კახა კალაძემდე. თუ ამჯერადაც, ისევე როგორც ეს ბაღების საკითხში იყო, გვერდს აუვლიან კახა კალაძეს, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ უბრალოდ „კლანური“ დაპირისპირება გრძელდება და ერთი „კლანის“ კადრების წმენდა მიმდინარეობს მეორე „კლანის“ მიერ. შეუძლებელია ბაგა-ბაღების, სხვადასხვა ტენდერების მერე, კიდევ ერთი შემთხვევა მოხდეს, რომელიც ეხება თბილისის მერიას, რომელიც თავიდან ბოლომდე, თბილისის მერიის პასუხისმგებლობაა და ისევ კახა კალაძე გამოძვრეს აქედან მშრალი. ამ ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლას არავინ დაიჯერებს, მანამ, სანამ ეს ბრძოლა არ შეეხება კახა კალაძეს, როგორც ყველაზე სამარცხვინო კორუფციონერს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში,“ - განაცხადა დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, სუს-მა დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებაში დახმარების ფაქტებზე 5 პირი დააკავა.
უწყების ცნობით, 2023-2026 წლებში, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით, შპს „Aladashvili & co“-სა და ქ. თბილისის ისნის, ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების გამგეობებს შორის 12 ხელშეკრულება გაფორმდა.
გამოძიებით დგინდება, რომ შპს „Aladashvili & co“-ს დირექტორი შპს „გიდს“, შპს „ბადეს“ და შპს „ალიონთან“ ერთად, 2024, 2025, 2026 წლებში, ყოველდღიურად, 14 451-მდე ბენეფიციარს არაკეთილსინდისიერად ემსახურებოდა და არაჯეროვნად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს. კერძოდ, პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების გაყალბების გზით, გამგეობებიდან მიღებული 18 909 104 ლარიდან თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 3 529 000 ლარს.