შალვა პაპუაშვილი - მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის საუბარი იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა მაღალ დონეზე ავიდა - აპრილში ველით, რომ იქნება გადატვირთვისკენ მიმართული შემდეგი ნაბიჯები - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის საუბარი იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა მაღალ დონეზე ავიდა - აპრილში ველით, რომ იქნება გადატვირთვისკენ მიმართული შემდეგი ნაბიჯები

2026-04-03 13:02:47+04:00

ის, რომ საუბარი შედგა სახელმწიფო მდივანსა და პრემიერ-მინისტრს შორის, სწორედ იმის მანიშნებელია, რომ ქვეყნებს და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა მაღალ პოლიტიკურ დონეზე ავიდა - აპრილში ველით იმას, რომ მათ შორის ამ საუბრის შედეგად, იქნება შემდეგი ნაბიჯები ურთიერთობების გადატვირთვისკენ მიმართული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული მხარის სურვილი ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებაა.

პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების შეთავაზებაა, რომ ეს იყოს შინაარსით გაჯერებული ჩარჩო, სადაც ორივე ერების ინტერესებზე დაყრდნობით იქნება შეთანხმებული, კონკრეტულად, რა მოლოდინები გვაქვს ამ პარტნიორობისგან და რა მიზნები აქვს ამ პარტნიორობას.

„ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული პარტნიორი ვიყავით, რაც არა ერთხელ დაგვიდასტურებია. სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციამ ისე გააფუჭა ეს ურთიერთობები, იმ დონეზე დაიყვანა, რომელიც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ახალ ადმინისტრაციას აქვს, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა, რომ ეს გამოსწორდეს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ერთ-ერთ მთავარი ინდიკატორი, რაც ჩვენ დავასახელეთ არის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება.

ის, რომ შედგა საუბარი სახელმწიფო მდივანსა და პრემიერ-მინისტრს შორის, სწორედ იმის მანიშნებელია, რომ ქვეყნებს და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა მაღალ პოლიტიკურ დონეზე ავიდა. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ახლა უკვე მოიძებნოს კონკრეტული გადაწყვეტა, თუ როგორი უნდა იყოს პარტნიორობა ამერიკასა და საქართველოს შორის. აპრილში ველით იმას, რომ მათ შორის, ამ საუბრის შედეგად, იქნება შემდეგი ნაბიჯები ურთიერთობების გადატვირთვისკენ მიმართული.

მიზანი არის არა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, არამედ მზიანი არის საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის არსებობა, რომელიც იქნება დამყარებული ურთიერთინტერესებზე. სტრატეგიული პარტნიორობა არის ინდიკატორი, რომელიც ნათლად გვაჩვენებს, რომ ამ მიზანს ვაღწევთ. რა თქმა უნდა, სტრატეგიული პარტნიორობა, როგორც ფორმალური ჩარჩო ურთიერთობისა, ეპითეტისთვის არ გვჭირდება. მანამდე, აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, გარკვეულწილად, ეპითეტის დონეზე იყო, ვინაიდან ის შინაარსით დიდად დატვირთული არ იყო. სტრატეგიულ პარტნიორობას ხელი 2009 წელს მოეწერა, აგვისტოს ომის შემდეგ რამდენიმე თვეში. ეს იყო გარკვეული „დამამშვიდებელი პრიზი“ მიხეილ სააკაშვილისთვის წაგებული ომის შემდეგ, რომ სამაგიეროდ, სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს აშშ-სთან, თუმცა ის შინაარსით არასდროს შევსებულა ისე როგორც ეს უნდა ყოფილიყო.

ახლა ჩვენ, რაც გვინდა, არის ახალი სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი შეთავაზებაა რომ ეს იყოს შინაარსით გაჯერებული ჩარჩო, სადაც ორივე ერების ინტერესებზე დაყრდნობით იქნება შეთანხმებული კონკრეტულად, რა მოლოდინები გვაქვს ამ პარტნიორობისგან და რა მიზნები აქვს ამ პარტნიორობას. ჩვენ ვართ ამ დიალოგისთვის გახსნილი. ის, რომ სახელმწიფო მდივანსა და პრემიერ-მინისტრს შორის საუბარი შედგა აჩვენებს, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციაც მოწადინებულია აქეთ. ასე რომ, ეს გვაძლევს გარკვეული ოპტიმიზმის საშუალებას. რა თქმა უნდა, ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, თუმცა სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ეს დამოკიდებულია აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაზე. ჩვენი მხრიდან, ერთ წელზე მეტია, რაც მზაობა გაცხადებული გვაქვს. ჩვენი მზაობა გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ ჩვენი ინტერესების წარდგინებით და ამერიკელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოზე შეთანხმებაზე მზად ვართ,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.