არ ვიცი რანაირად ესმის მას ფრთხილი რეკომენდაციები, პრაქტიკულად, გადმოაკოპირა ყველაფერი, რასაც ჩვენი პოლიტიკური რადიკალები ამბობდნენ - რას ჩამოდიოდა საერთოდ, დაეწერა პირდაპირ და გამოეგზავნა ეს ანგარიში,- ასე შეაფასა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტის „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გაკეთებული განცხადება, რომლის თქმითაც „ანგარიშის ფრთხილი ტონი ნათლად აჩვენებს, რომ სხვადასხვა საკითხზე ის ეყრდნობოდა მთავრობის მიერ წარმოდგენილ განმარტებებს.“
მახაშვილის თქმით, ექსპერტს სიტყვა ნაყოფიერის მნიშვნელობაც არ ესმის, რადგან თუ მას ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდა, მაშინ ანგარიშში ხელისუფლების პოზიციაც უნდა ესახა, „რაც არ გაუკეთებია“.
„არ ვიცი რანაირად ესმის მას ფრთხილი რეკომენდაციები, პრაქტიკულად, გადმოაკოპირა ყველაფერი, რასაც ჩვენი პოლიტიკური რადიკალები ამბობდნენ, ამიტომ რამდენად ფრთხილია, მე ვერ დავეთანხმები. საკმაოდ ხისტი, რადიკალური შეფასებები აქვს გაკეთებული. მე არც ის ვიცი სიტყვა ნაყოფიერი რამდენად სწორად ესმის ამ ადამიანს- ნაყოფიერი შეხვედრა თუ იყო, მაშინ უნდა გაეთვალისწინებინა ის საუბრები. ის მთელი რიგი ინფორმაციებია და დოკუმენტები, რაც მივაწოდეთ, არაფერი არ არის ასახული, ამიტომ ყველაფერი ნათელია. რას ჩამოდიოდა საერთოდ, დაეწერა პირდაპირ და გამოეგზავნა ეს ანგარიში. მისი ჩამოსვლის აზრი უნდა ყოფილიყო, რომ რეალურად შეესწავლა არსებული ვითარება და აესახა ყველა მხარის პოზიციები. ჩვენ ვიხილეთ ცალმხრივად, უკიდურესად ცალმხრივად, ანგაჟირებული ანგარიში და ამაზე, მათ შორის, ჩვენმა პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა შეფასება, ჩვენი პოზიცია დააფიქსირა. სადაც ეს ლოგიკურად გამომდინარეობს ისედაც, ჩვენი პოზიციებიც ცხადია ამაზე, რომ, მაგალითად, საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევას, როგორც ყოველთვის, მომავალშიც ვაპირებთ. რა თქმა უნდა, არ სჭირდება ამას ამ ადამიანის რეკომენდაცია, თუმცა დანარჩენი რეკომენდაციების 90% არის სრულად აცდენილი რეალობას და ჩვენ გაგვჭირდება ამ ე.წ. რეკომენდაციების გათვალისწინება. სხვა მხრივ, ეუთო იქნება თუ სხვა, მათ შორის, მის მიერვე დასახელებული ორგანიზაციები, თუ აქვთ მათ ინტერესი საქართველოში აქამდე ან მომავალ პროცესებთან დაკავშირებით, ჩვენ დიდი სიამოვნებით მზად ვართ თანამშრომლობისთვის, ოღონდ კონსტიტუციური წესწყობილების პატივისცემისა და ზოგადად ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე“, - განაცხადა მახაშვილმა.