აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ მის კოლეგას აფგან სადიგოვს, რომელიც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოდან გააძევეს, ბაქოში „სიკვდილი ელოდება“.
ჟურნალისტის შეფასებით, წინასწარ იყო "შემუშავებული ეშმაკური" გეგმა და „ივანიშვილის მთავრობამ“ და თბილისის სასამართლოს „ღამური ბუნების მქონე მოსამართლეებმა“ უდანაშაულო ჟურნალისტის მკვლელობას ფაქტობრივად ხელი მოაწერეს.
„გურჯი კოლეგებს, საქართველოს დემოკრატიულ ძალებსა და იმ მებრძოლ ადამიანებს, რომლებიც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აფგან სადიგოვთან ერთად თავისუფლების მოედანზე მხარდამხარ იბრძოდნენ ივანიშვილის დიქტატურის წინააღმდეგ, ვთხოვ აფგან სადიგოვის დაცვას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ღამის საათებში, საათის ისრის 02:00 საათზე, ღამურების მსგავსად სხდომა ჩაატარა და გადაწყვიტა აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში დეპორტაცია. საქართველოს ისტორიაში რამდენჯერ ჩატარდა სასამართლო პროცესი კვირა დღეს, ღამის 2 საათზე? აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისათვის გადაცემაში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა პირდაპირი როლი შეასრულა. უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით აფგანი აზერბაიჯანს გადაეცემა. შეგახსენებთ, რომ მეც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გამიტაცა.
წინასწარ იყო შემუშავებული ეშმაკური გეგმა. აფგან სადიგოვის პასპორტი დეაქტივირებულია, რათა მან მესამე ქვეყანაში გადასვლა ვერ შეძლოს. ბაქოში მას სიკვდილი ელოდება. ივანიშვილის მთავრობამ და თბილისის სასამართლოს ღამური ბუნების მქონე მოსამართლეებმა უდანაშაულო ჟურნალისტის მკვლელობას ფაქტობრივად ხელი მოაწერეს“, - წერს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ადმინისტრაციული წესით დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის იქნა დაკავებული. სახდელის სახით მას შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით. ადვოკატის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება მიიღო ღამის 4:00 საათზე მიიღო.
საგამოძიებო უწყება განმარტავს, რომ ქართული მხარისთვის, რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა, შესაბამისად, საქართველოშიც შეწყვეტილია ყოველგვარი საექსტრადიციო პროცედურები, თუმცა შსს-ს დასძენს, რომ სადიგოვის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, სახდელის სახით, ჯარიმასთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას, შესაბამისად, აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა თავის წარმოშობის ქვეყანაში და მას დაუწესდა საქართველოში შემოსვლის სამწლიანი აკრძალვა.