ირანი აცხადებს, რომ ამერიკელი პილოტის სამაშველო მისიის დროს „მტრის რამდენიმე თვითმფრინავი“ გაანადგურეს - Palitra News

ირანი აცხადებს, რომ ამერიკელი პილოტის სამაშველო მისიის დროს „მტრის რამდენიმე თვითმფრინავი“ გაანადგურეს

2026-04-05 13:30:13+04:00

ირანში ჩარჩენილი მფრინავის პოვნის მიზნით აშშ-ის მიერ განხორციელებული მისიის დროს მტრის რამდენიმე თვითმფრინავი განადგურდა, - ამის შესახებ „ირანის რევოლუციური გვარდიის გუშაგთა კორპუსმა“ განაცხადა.

„ერთობლივი ოპერაციის დროს (საჰაერო-კოსმოსური, სახმელეთო ძალები, სახალხო ქვედანაყოფები, ბასიჯი და პოლიციის სარდლობა) მტრის თვითმფრინავები განადგურდა“, - განაცხადა „ირანის რევოლუციური გვარდიის გუშაგთა კორპუსმა“.

ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის „ხატამ ალ-ანბიას“ ცენტრალური შტაბის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ჩამოგდებულ თვითმფრინავებს შორის იყო C-130 ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი, ასევე Black ⁠Hawk-ის ტიპის ორი ვერტმფრენი.

მანამდე, ირანის პოლიციის სარდლობამ განაცხადა, რომ ამერიკული C-130 ტიპის თვითმფრინავი ისპაჰანის პროვინციაში ჩამოაგდეს. ამასთან, „ირანის რევოლუციური გვარდიის გუშაგთა კორპუსის“ მტკიცებით, მათ ისპაჰანის პროვინციაში აშშ-ის დრონიც ჩამოაგდეს.

ცნობისთვის, ირანში 3 აპრილს ამერიკული F-15E ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. თვითმფრინავის ეკიპაჟის ერთი წევრი აშშ-ის სამხედრო ძალებმა გადაარჩინეს, მეორე კი დაკარგულად ითვლებოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეერთებული შტატების სამხედროებმა აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გაბედული სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახორციელეს და დაკარგული პილოტი ნახეს.

„ჩემი მითითებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა მის გამოსაყვანად გაგზავნეს ათობით თვითმფრინავი, რომლებიც აღჭურვილი იყო მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და ლეტალური იარაღით. სამხედრო ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ორი ამერიკელი პილოტი, ცალ-ცალკე, მტრის ტერიტორიის სიღრმეში გადაარჩინეს“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი მტკიცებით, ორივე ოპერაცია ისე ჩატარდა, რომ არცერთი ამერიკელი სამხედრო არ დაშავებულა.