აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი, რომელიც საქართველოდან გუშინ გააძევეს, ბაქოში, ნათესავების სახლში იმყოფება. ადვოკატის განცხადებით, შესაძლოა აზერბაიჯანის ხელისუფლების გეგმა - გარკვეული დროის შემდეგ მის წინააღმდეგ ახალი ბრალდების წაყენება და არსებული პროცესისგან დამოუკიდებლად, სრულიად ახალი საქმის „შეკერვა“ იყოს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევება უკვე მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემაა. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ,„ქართულმა ოცნებამ“ ამ გადაწყვეტილებით საერთაშორისო სამართალი დაარღვია. ჟურნალისტის გაძევებას ეხმაურებიან არასამთავრობო ორგანზიაციებიც. მათი თქმით, ეს ნაბიჯი თავისუფალი სიტყვისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგაა მიმართული. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 აპრილს მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფას ედავებოდა. რაც შეეხება მისი ქვეყნიდან გაძევების საკითხს - როგორც უწყებამ განმარტა, ქართული მხარისთვის, ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პროკურატურამ სადიგოვის საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს გაცემული ჰქონდა დროებითი ღონისძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. შესაბამისად, შსს-ის მტკიცებით, მათ საერთაშორისო სამართალი არ დაურღვევიათ.