მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ზურაბ ნოღაიდელი ჩვენებას მისცემს - Palitra News

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ზურაბ ნოღაიდელი ჩვენებას მისცემს

2026-04-06 12:34:38+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მიხეილ სააკაშვილი ესწრება.

დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა უნდა მისცეს.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.