მიტინგის დარბევა მოხდა სპეცსაშუალებებით. მთავრობის სხდომის შეწყვეტა მოგვიწია. იმის დადგენა მომიწია, თუ რა სპეცსაშუალებები იყო გამოყენებული მიტინგზე, შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დამამშვიდა, რომ დასავლეთში აპრობირებული ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები იყო გამოყენებული, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მოწმის სახით აძლევს ჩვენებას.
„სააკაშვილი 1995 წელს გავიცანი, როცა ერთად გავხდით პარლამენტის დეპუტატები. 2007 წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიყავი, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი და მთავარსარდალი იყო.
6 ნოემბერს დავბრუნდი საქართველოში, მივლინებით ვიყავი საზღვარგარეთ, კავშირზე ვიყავი მინისტრებთანაც და პრეზიდენტთანაც. სააკაშვილს შევთავაზე შეხვედრა და მიმდინარე მდგომარეობის განხილვა, თუმცა, არ არის საჭიროო მოთხრა და წავედი სახლში...
მიტინგი უკვე დაშლილი იყო, შესაბამისად მთავრობის სხდომა დავიწყე, რასაც ძალოვნები - ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი არ ესწრებოდნენ, თუმცა, ეს არც იშვიათი მოვლენა იყო. რამდენიმე საკითხი განვიხილეთ, ხალხს ისევ შეკრება დაუწყია, მიტინგის დარბევა მოხდა სპეცსაშუალებებით. მთავრობის სხდომის შეწყვეტა მოგვიწია, იმის დადგენა მომიწია, თუ რა სპეცსაშუალებები იყო გამოყენებული მიტინგზე. შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დამამშვიდა, რომ დასავლეთში აპრობირებული ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები იყო გამოყენებული, ეს კომენტარი მივეცი ჟურნალისტებს.
ჩვენ ინფორმაცია მივიღეთ, რომ კობა დავითაშვილი იყო დაზიანებული, დაღუპულიც კი. მერე გავიგე, რომ გორის ჰოსპიტალში იყო, დაზიანებული, ნაცემი იყო, ესეც ვაცნობე საზოგადოებას ჟურნალისტების მეშვეობით...
ჩემი უფლებამოსილება არ იყო ჯარის გამოყვანა, ამაში ჩართული არ ვიყავი, მისი გამოყვანა ქვეყნის მთავარსარდალს და თავდაცვის მინისტრს შეეძლო, თუმცა, მისი შეთანხმება უშიშროების საბჭოზეც შეიძლებოდა, მაგრამ ეს ასე არ მომხდარა... მიტინგმა დაძაბული ხასიათი მიიღო, ჯარი რუსთაველზე იყო, ალბათ, წესრიგის დასამყარებლად.
თავდაცვის მინისტრთან კომუნიკაცია არ მქონია, რაც შეეხება პრეზიდენტს, ჩვენ ერთმანეთს საღამოს - გვიან შევხვდით",- განაცხადა ნოღაიდელმა.
მან ტვ „იმედის" დარბევაზე და გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობაზე ისაუბრა. ნოღაიდელის თქმით, მას „მერაბიშვილმა უთხრა, მივხედავ „ტვ იმედსაცო"...
„ტელევიზიების მიმართ მიხეილ სააკაშვილის ინტერესი ცნობილი იყო, ახალს არაფერს ვამბობ. იმ დროს „იმედი“ ოპოზიციური არხი იყო და ეს სააკაშვილისთვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა... ბადრი პატარკაციშვილს უფრო დიდი ინტერესი ჰქონდა, ვიდრე რკინიგზა იყო...
4 ნოემბერს გამართულ თათბირზე ვასილ მაღლაფერიძისგან მივიღე ინფორმაცია 2008 წელს. მაღლაფერიძისგან გავიგე, რომ იქ მიუღიათ გადაწყვეტილება ხალხის დარბევის, ჩემთვის კი 6 ნოემბრის ჩათვლით ცნობილი იყო, რომ მიტინგი არ უნდა დარბეულიყო, თუმცა, იქ სხვა გადაწყვეტილებები მიუღიათ...
სააკაშვილმა ჩამაყენა საქმის კურსში, რომ გადადგომას აპირებდა და არჩევნების ჩანიშვნას. ობიექტურად, ამ არჩევნების მოგება შეუძლებელი იყო“, - განაცხადა ნოღაიდელმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.