არ არსებობს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც გაიძულებს, შეურაცხყო შენი სახელმწიფო, ისტორია, ტრადიცია, კონსტიტუცია. მსგავს ქვეყნებს არავინ სცემს პატივს და არავინ გაუწევს ანგარიშს. ამის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში წერს.
როგორც ხოშტარია აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის არ არსებობს სახელმწიფო და არსებობს მხოლოდ სახელმწიფოს ხარჯზე საკუთარი ინტერესი.
„სტრატეგიული პარტნიორობა ნიშნავს, სხვასთან საერთო ინტერესების პოვნის ხარჯზე, საკუთარი ქვეყნის გაძლიერებას და არა პირიქით. სუვერენიტეტის დაკარგვა სხვა არაფერია თუ არა საკუთარ სახელმწიფოზე უარის თქმა. თუმცა, დღეს ეს ხდება კონკრეტული მიზეზით: ბიძინასთვის არ არსებობს სახელმწიფო, არსებობს მხოლოდ სახელმწიფოს ხარჯზე საკუთარი ინტერესი. მისთვის არ არსებობს ვაჟა-ფშაველა. ყველა ის ღირებულება და სიქველე, რაც გვისწავლია, საძულველია ივანიშვილისთვის! სწორედ ამიტომ საქართველოს სტუმარი, აფგან სადიგოვი ბიძინა ივანიშვილმა გადასცა იმ ქვეყანას, საიდან გამოხიზნულსაც თავშესაფრად საქართველო ეგულებოდა.
სამარცხვინო ანტიჰუმანური და ანტიქართული რეჟიმი უნდა დამთავრდეს!
ბოლომდე!“ - წერს ხოშტარია საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.